ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, გასულ წელს გამოთქმული ინიციატივის განხორციელება დაიწყო.
საქმე იმაშია, რომ 2013 წლის სექტემბერში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიოგი სიგუა ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებოდათ უფასოდ ესწავლათ ინგლისური ენა, რაც ტურისტებისთვის მეტი კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობდა ხელს.
"ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდას და დააკმაყოფილებენ ელემენტარულ საკომუნიკაციო მოთხოვნებს, ჩვენგან მიიღებენ ტრაფარეტებს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მძღოლს ინგლისურად საუბარი შეუძლია. 20 ნოემბრამდე ტაქსის მძღოლებს მართვის მოწმობის წარდგენით ექნებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ და გაიარონ უფასო გადამზადების კურსი," _ ამბობდა სიგუა.
წელს უკვე ამ ინიციატივის განხორციელება დაიწყო და საპილოტე პროგრამა გაეშვა.
ინგლისური ენის შესწავლა 200-300 მძღოლს შეეძლება. ამისთვის კი მხოლოდ სურვილია საჭირო. აქ ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს. საბუთების მიღება კი უკვე დაწყებულია და ის 15 ივლისამდე გასტანს.
იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც სასაუბრო დონეზე უკვე ფლობენ ინგლისურ ენას, შეეძლებათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართონ, გაიარონ გასაუბრება და მიიღონ სერტიფიკატი. ასევე, მანქანაზე დასამაგრებელი სპეციალური ნიშანი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ეკა სოსელიას თქმით, გარდა იმისა, რომ კურსზე მძღოლები ინგლისურ ენას სწავლობენ, მათ მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებელი ლექციებიც უტარდებათ.