საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბურჯანაძემ ქუცნაშვილს, მისი შტაბის ვანო მერაბიშვილთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხთან თანამშრომლობის დამამტკიცებელი ფაქტების წარმოდგენა მოსთხოვა.
ქუცნაშვილმა დღეს საზოგადოებას ფოტო და ვიდეო მასალა წარუდგინა და განაცხადა – "თიანეთში ბავშვმაც კი იცის, რომ მერაბიშვილის ბიჭები, ბურჯანაძის ხალხი გახდა".
"ბრიფინგზე ბურჯანაძემ ჩემი ბრალდების დამამტკიცებელი მასალის წარმოდგენა მოითხოვა. დღეს მე წარმოვადგენ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც დაადასტურებს, რომ ნინო ბურჯანაძის ხალხი თიანეთის მუნიციპალიტეტში ეს არის მერაბიშვილის და "ნაციონალების" ხალხი. ფოტოზე ჩანს, რომ მერაბიშვილის მარჯვნივ, მეორე პირ,ი არის მათი გამგებლობის კანდიდატი-ილია არჩვაძე. ეს ადამიანი არის 2003-2008 წლების პარლამენტის და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც უფლებამოსილების დასრულების შემდეგ იყო მათი ერთ-ერთი ლიდერი თიანეთის რეგიონში, იყო ცეზარ ჩოჩელის და ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი. 2012 წელს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი. ეს ფაქტები საკმაოდ ადვილი გადასამოწმებელია დროში და სივრცეში. რაც შეეხება საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, პირველი ხუთეულის სამი წევრი, ასევე არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.
ფაქტია, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ხალხი თიანეთის რაიონში ეს არის მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხალხი.
აქედან გამომდინარე ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას, რამდენად გამართლებულია, რომ 26 მაისის შემდეგ ბურჯანაძის შტაბი ეყრდნობოდეს ამ ხალხს? ასე რომ მათ განცხადებაზე, ქუცნაშვილი დამნაშავე რეჟიმთან თანამშრომლობას გვაბრალებსო, ასე ვუპასუხებ, მე უფრო სერიოზულ რამეს ვაბრალებ, მარტო თანამშრომლობას კი არა, ამ დამნაშავე რეჟიმთან შერწყმას ვაბრალებ და ამის დამამტკიცებელი მასალა როგორც ნახეთ ხელს მაქვს."
ქუცნაშვილის განცხადებით "ქართული ოცნების" კანდიდატი მეორე ტურის წინ 20%-ით უსწრებს ბურჯანაძის კანდიდატს, რომელმაც მიიღო 28%.