ახალ ზელანდიაში ნიკა გილაურის დახვედრის საზეიმო ცერემონიალი
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს შეხვდა.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის საზეიმო ცერემონია ტრადიციული და სამხედრო კომპონენტებისგან შედგებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ზელანდიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსადმი ინტერესი გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება. მომავალში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა რაგბის ნაკრებების მაისურები გაცვალეს, ზელანდიის პრემიერმა ქართველ ბორჯღალოსნებს გამარჯვება უსურვა. ნიკა გილაურმა, საპატიო სტუმრის სტატუსით, რაგბის მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.