კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ყოფილი თბილისის მერობის კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ გამომდინარე იმ ტესტიდან, რომელიც ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა და ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, საზოგადოებაში გაჩნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დიდი მოლოდინი და ის იმედოვნებს, რომ ამ მუხტს სწორედ მათი კოალიცია "აწევს ხალხში".
"ხალხის ქუჩაში გამოყვანა არ არის თვითმიზანი. ფაქტი ერთია, საზოგადოება არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში და ეს არის სრულიად მომწიფებული და კანონზომიერი მოთხოვნა. "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" თავისი სრული შემადგენლობით იქნება შემძლე იმისა, რომ აწიოს ეს საზოგადოებრივი მუხტი და რეალურად მივიდეთ იმ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებამდე, რომელიც ახლა ჩიხშია შესული".
ლორთქიფანიძე უგულავას დაკავებას და ქვეყანაში სამართლიანობის პროცესის აღდგენის აუცილებლობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თვითონ დააჩქარა თავისი დაკავების სამართლებრივი პროცედურები და აქ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
"პოლონეთის დელეგაცია, რომელიც ახლა საქართველოში იმყოფება, გამოთქვა შეშფოთება სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებისა და უგულავას დაჭერის თაობაზე, მინდა მათ შევახსენო, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ესქ-პრეზიდენტის დაკავება მოხდა გარკვეული ვადით იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო საპროცესო მდგომარეობა. მე დიდი ხანია ველოდები სამართლიანობის აღდგენის პირობის ასრულებას, მაგრამ ასე ცალკეული პიროვნებების დაჭერით და ხშირ შემთხვევაში ბრალის ვერ დამაგრებით, ვაშლის საჭრელი დანით მიყენებული სხეულის დაზიანებით რომ დავიწყოთ, რითაც დაიწყო ამ ხელისუფლებამ დაჭერების სერია, დიდი შედეგი ვერ დადგება და ამას არც ვთვლი ცენტრალურ საკითხად. ცენტრალური საკითხი იქნება, როცა დაგვარწმუნებენ იმაში, რომ გაფლანგული მილიონების უკან დაინახავენ არა ერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს, არამედ მთელ სისტემას და ისევ მივლენ სააკაშვილამდე, მერაბიშვილამდე, ადეიშვილამდე, ბოკერიამდე…"
დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვოს არჩევნების გაყალბებაზე და ეს თქმა გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საგანი.
"საინტერესოა, თუ როგორ შეაფასებს საერთაშორისო საზოგადოება 15 ივნისის არჩევნების შედეგებს და რა შეფასებები დაიდება, მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გამიყალბა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მესამე პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობს საზოგადოებაში არ მისცეს პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის საშუალება, რადგან არ აწყობს და აწყობს ოპოზიციად ჰყავდეს მასთან გარიგებაში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობა".
კოალიციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების პარაფირებული დოკუმენტის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ "ჩვენი შანსები, ფეხი მოვიკიდოთ ევროპულ ბაზარზე არის ნულოვანი".
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირმა შეისწავლა ჩვენი ბაზარი და ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება. ჩვენ ბაზარზე შესვლის გადასახადი გვაქვს გადასახდელი, რისგანაც განთავისუფლებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ქართულ ბაზარზე მათ არავითარი დაბეგვრის საშიშროება არ აქვთ. ერთი პროდუქტი მაინც დამისახელეთ, რომელსაც შესაძლებლობა ექნება დაიმკვიდროს თავი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების ბაზარზე. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ევროკავშირი გათავისუფლებულია ყველანაირი ბეგარისაგან ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში, ხოლო 28 დასახელების პროდუქტზე, რომელსაც აწარმოებს ქართული მხარე, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები".