ლანჩხუთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს გამგებლობის კანდიდატები, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ურუშაძე და "პატრიოტთა ალიანსიდან" ბორის ჭყონია უპირისპირდებოდნენ, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ასევე კანდიდატებსა და მათ მომხრეებს შორის ურთიერთდაპირისპირებისა, შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
ლანჩხუთის #61 საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივნის თამარ ბისიეშვილის თქმით, საღამოს 7 საათისთვის მხოლოდ ერთი საჩივარი იყო შესული და ისიც დილის საათებში.
_ ჩვენი მხოლოდ ერთი საჩივარით მოგვმართეს დილის 10 საათსა და 45 წუთზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ #01 "აგარაკის" უბანზე "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს ფოტოს გადაღების საშუალება არ მისცეს. ეს პრობლემა აღმოფხვრილია, სხვა საჩივრით ჯერ ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, _ გვითხრა მდივანმა.
ამომრჩეველთა აქტივობა დილის 10 საათისთვის საკმაოდ მაღალი იყო და ის 29 918 ამომრჩევლიდან 3 363 შეადგენდა. 1 საათისთვის, ამომრჩეველთ 25 პროცენტმა მისცა ხმა. უბნებზე სულ 75 07 ამომრჩეველი გამოცხადდა. ხოლო 7 საღამოს საათისთვის, 12, 538-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.
დილიდან, ლანჩხუთის საარჩევნო უბნების წინ, "გურია ნიუსმა" რამდენიმე ადამიანი სიებით ხელში შენიშნა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, "ქართული ოცნების" კოორდინატორები იყვნენ და თავიანთ ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე გამოცხადებას აფიქსირებდნენ.
კოორდინატორებმა "გურია ნიუსთან" სახელისა და გვარების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. აქვე გამოქქვეყნებული ფოტოები კი, ლანჩხუთის გამგეობის წინ, პარკში და ასევე # 37 უბანზეა გადაღებული.
აღნიშნულთან ფაქტი წარმოადგენს თუ არა რაიმე სახის დარღვევას, ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთის #61 საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ სიები, სრომელშიც აღნიშნულია მათი მომხრეები, არანაირი დარღვევა არ არის. არ წარმოადგენს პრობლემას, ვის რა მუშაობის რა სტილი აქვს შერჩეული, ეს ჩვენი საქმე არ არის, მთავარია არ იყოს კანონით აკრძალული. დღეს აგიტაციის უფლება აქვს ყველას, ამის აკრძალვა არ არსებობს, გარდა საარჩევნო კენჭისყრის შენობისა.
ყველა სუბიექტს შეუძლია ჰქონდეს სიები, აიღოს მეორე პარტიის წარმომადგენლებმა და შეამოწმოს, რა პრობლემაა, კოორდინატორები მოტირალი ქალებივით იქნებიან დამსხდრები თუ მგალობელი კაცებივით, ამის შეზღუდვა ჩვენ აბსურდად მიგვაჩნია. ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი მოტირალს თუ მომღიმარს.
_ ბატონო ზვიად, გვქონდა ინფორმაცია, რომ კოორდინატორი ამომრჩეველს შეჰყვა ხმის მიმცემ კაბინაში…
_ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, შემოსული ამომრჩეველი კოორდინატორია, უბნის უფროსია თუ უბრალოდ ამომრჩეველი. თუ ამომრჩეველი მოითხოვს, შემყვეს კაბინაშიო და მას მისი კონსტიტუციური უფლება ფარულობასთან დაკავშირებით ფეხებზე ჰკიდია, ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ვინაა კოორდინატორი, კაპიტანი თუ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ეს იციან მისი პარტიის წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებმა, ჩვენ ამის ცოდნა არ გვევალება.
ლანჩხუთის #61 ოლქში შემავალი, სოფელ აცანის #08 საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატის ბორის ჭყონიას და "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის ზაზა ურუშაძის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.
ასევე, "გურია ნიუსს" "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აცანის #8 უბანზე დაფიქსირდა ორი დარღვევა _ გადასატანი ყუთი მიიტანეს ორ ადამიანთან, რომელთაც პირადობის მოწმობები არ აღმოაჩნდათ სახლში. როცა იკითხეს, სად გაქვთო, უპასუხეს, რომ "ქართული ოცნების" კომისიის წევრმა წაიღო და უკან არ დაუბრუნებიაო.
აღნიშნული ინფორმაციები ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყვეს #61 საარჩევნო საოლქო კომისიაშიც.
"ამ ეტაპზე არც ჩვენთან და არც აცანის საარჩევნო უბანზე არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება", _ გვითხრა #61 საარჩევნო საოლქო კომისიის მდივანმა თამარ ბისიეშვილმა.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აცანის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატ ემზარ თედორაძეს, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატს ბორის ჭყონიას უჭერს მხარს. სწორედ დილით აცანაში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს დეპუტატი ემზარ თედორაძე. თუმცა, თავად თედორაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაციები არ დაადასტურა.
ემზარ თედორაძე: _ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ მომხდარა, მოსდევს ყველა არჩევნებს ასეთი ფაქტები. მოხდა პატარა ინციდენტი, იყო შეხლა-შემოხლა, ნასვამები თუ იყვნენ, ვერ გეტყვით. ვინ იყო მოსული სიმართლე გითხრათ არ ვიცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, ჩვენ მოვუწოდეთ სიმშვიდისაკენ და ისინიც წავიდნენ თავის გზაზე. რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, კომისიის წევრს ჰქონდა წაღებული 8 პირადობა.
_ ვინ არის კომისიის წევრი?
_ არა, ვერ გეტყვით, მაინც აცანელი კაცია, ჩემი სოფლელია და არ მინდა, რა… გამიგეთ, ალბათ, რასაც გეუბნებით. ისე სხვათა შორის, "ოცნებიდანაა".
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აცანის #08 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს ია ჯიჯიეშვილს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციები კატეგორიულად უარყო.
"ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. რაში გვჭირდება ჩვენ პირადობის მოწმობები? ეს გამორიცხულია."


































































