2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ოზურგეთში ხმაურით დაიწყო _ "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერი სოსო ერქომაიშვილი ქალაქის ყველა უბანში მიდიოდა და ამომრჩევლებს ეუბნებოდა, რომ მას ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. #60/55 საარჩევნო უბანთან ამ ფაქტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
სოსო ერქომაიშვილი: _ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ყველა საარჩევნო უბნის ახლომდებარე ტერიტორიაზე ვიყავი და ამომრჩეველს ვეუბნებოდი, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ.
მე ვარ ჩვეულებრივი ამომრჩეველი, ვუყურებდი სიტუაციას, გაჩერდა "ტოიოტას" ჯიპი, დავინახე რომ ბეგი სიორიძე იყო, დამიძახა და მითხრა (ვციტირებ): "სოსო უკვე წაგებული გაქვს, სასწრაფოდ დატოვე ოზურგეთი" და შემდეგ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
_ გაქვთ რაიმე მტკიცებულება, რითიც თქვენი სიტყვების დადასტურება შეიძლება?
_ იქ იყო რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც ეს ესმოდათ, ანუ გაიგო სადღაც ორმა-სამმა კაცმა.
_ ბატონო სოსო, თქვენ რიგითი ამომრჩეველი ბრძანდებით თუ შოთა გოგიბერიძის აქტიური მხარდამჭერი?
_ დიახ, ვბრძანდები ბატონი შოთას მხარდამჭერი.
_ სწორედ მაგიტომ გეკითხებით, გყავთ თუ არა ვინმე ისეთი მოწმე, ვინც დაადასტურებს თქვენს სიტყვებს?
_ მობრძანდით შოთა გოგიბერიძის ოფისში და დაგახვედრებთ იმ ხალხს, რომლებმაც ეს გაიგეს.
_ ანუ ასევე შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერებს?
_ ჰო, ნუ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი ხალხი იყო.
_ ბატონო სოსო, არადაინტერესებულ პირებს ვგულისხმობ, რადგან ბეგი სიორიძის შტაბში აცხადებენ, რომ თქვენ პროვოკაცია მოაწყვეთ. მედია საშუალებები ან ტელევიზია არ იყო, რომ ეს ფაქტი აესახა?
_ არა, არ იყო მედია საშუალებები. მე ეს ინფორმაცია უკვე გადავეცი.
_ ვის გადაეცით?
_ სადაც საჭიროა _ ხალხს: ქალბატონებო და ბატონებო, ამ ბატონმა მე დედა მაგინა,-თქო. ანუ მე ეს საზოგადოებას ვუთხარი.
_ ეს ინციდენტი არ დაფიქსირებულა ვიდეოკამერებით?
_ არა, არ დაფიქსირებულა ვიდეოკამერებით, თუმცა ხმამაღლა მოუვიდა და ხალხმა გაიგო, თუ ვინ გაიგო, მობრძანდით ოფისში.
_ თქვენ თვითონ ტელეფონი ან რაიმე არ გქონდათ, რომ ჩაგეწერათ ან გადაგეღოთ ეს ყველაფერი?
_ არა, არ მქონია. ეს ისედაც ისეთი მოულოდნელი იყო… წინა დღით დავემშვიდობე, როგორც ნათესავი ნათესავს და ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ეს ფაქტი გარდა თვითმხილველებისა, ვიდეოკამერებით ან ტელეფონით არ დაფიქსირებულა.
_ ბატონო სოსო, როგორც ამბობენ, თქვენ რამდენიმე დღის წინაც იყავით ბეგი სიორიძის შტაბში. რა საქმეზე ბრძანდებოდით იქ?
_ დედა მყავს სიორიძე. ვიყავი თბილისში, დამირეკა ბეგი სიორიძემ, სოსო, რას შვები, როგორ ხარო. გაიგო ჩემი მხარდაჭერის სტატუსი. ვუთხარი, როცა ჩამოვალ ოზურგეთში, გნახავ და დაგელაპარაკები,-მეთქი. ვისაუბრეთ ზოგადად ამ პოლიტიკურ სიტუაციაზე.
_ უბრალოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეთ?
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სიტუაციაზე ვისაუბრეთ და იმაზე, რომ ჩვენ ნათესავები ვართ, დედაჩემი სიორიძეა. მისი მამა და დედაჩემი ერთად გაზრდილები არიან. იმ დღეს ძალიან კმაყოფილი წამოვედი, ბეგიმ მითხრა, რომ ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჩვენს ნათესაურ ურთიერთობაზე არ აისახებოდა.
_ ანუ თქვენს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა?
_ არანაირი, უფრო მეტიც, კმაყოფილი წამოვედი, ძალიან დამშვიდებული. დღეს დილით საიდანღაც გამოჩნდა ეს კაცი. ალბათ, გაიგო, პოზიცია რომ არ შევიცვალე თუ რაღაც ასეთი…
_ პირველი შეხვედრისას გთხოვათ, რომ პოზიცია შეგეცვალათ?
_ არა, არა, ეტყობა, სავარაუდოდ… მიხვდით, ჰო, რასაც გეუბნებით? სავარაუდოდ…
_ ბატონო სოსო, სიორიძისთვის არ გითქვამთ, როცა მას პირველად შეხვდით, თითქოს თქვენ "ქართულმა ოცნებამ" გამოგიშვათ შოთა გოგიბერიძის მხარდასაჭერად?
_ არა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას,
_ თქვენ "ქართული ოცნების" წევრი ხართ?
_ მე "ქართული ოცნების" დამფუნებელი ვარ. "ქართული ოცნების" წევრობასა და დამფუძნებლობას შორის სხვაობაა. მე ვარ დამფუძნებელი, "ქართული ოცნების" რიგითი ჯარისკაცი.
ბეგლარ სიორიძის შტაბი ამ ფაქტს გამოეხმაურა და შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:
_ დილიდანვე შეიმჩნევა შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერთა ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა რეპლიკებით ცდილობენ ბეგი სიორიძის მხარდამჭერების გამოწვევას და მათთან კონფლიქტში შესვლას. განსაკუთრებით კი აქტიურობს პიროვნება, (როგორც შტაბში აცხადებენ, სავარაუდოდ მას ქვია სოსო), რომელსაც რამდენჯერმე ბეგი სიორიძის შტაბში შესვლის მცდელობაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მას აუხსნეს, რომ იქ სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და ხელს მისი ამგვარი ქმედება ხელს უშლის საარჩევნო პროცესს, მან დატოვა შტაბის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ამის შემდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართულად დაიწყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხმების გავრცელება, თითქოს მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და მცდელობა, არაჯანსაღი სიტუაცია შექმნან პროცესის მიმდინარეობისას. ჩვენ ვემიჯნებით მსგავს პროვოკაციებს. ვაცხადებთ, რომ ჩვენი სურვილია არჩევნებმა მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიაროს, — აცხადებდა ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბის უფროსი გელა კობალაძე.
_ შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ აღნიშნულ უბანზე არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე სახის პრობლემა ყოფილა. მე თავად გახლდით ამ უბანზე და პირადად შევამოწმე ყველაფერი. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, შემოვიდა თუ არა ჩვენთან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რასაც ბატონი შოთა გოგიბერიძის შტაბი ავრცელებს, შემიძლია გიპასუხოთ, რომ არანაირი საჩივარი ჯერ არ შემოსულა, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენეიშვილმა.
ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა, ოზურგეთის #55 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ბრიფინგზე გააკეთა:
"გარკვეულ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნის გარეთ, რასაც საარჩევნო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია", _ თქვა აზარაშვილმა.
ამის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის მერობის კანდიდატის შოთა გოგიბერიძის შტაბმა შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: "ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური "ოცნების" დაშლილი კოალიციის შემორჩენილი აქტივისტების წრეგადასული აქტიურობით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს წინასწარ დარეგისტრირებული ამომრჩევლის მიყვანა, რომელთა აღრიცხვას უბნების შორიახლოს მდგარ მიკროავტობუსებში მოკალათებული კოორდინატორები აწარმოებენ.
როგორც ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები იძულებით, დაშინებით და შანტაჟით მიჰყავთ საარჩევნო უბნებთან. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარკვეული პრობლემები გააჩნიათ.
ძირითადად, პატიმართა ოჯახის წევრები არიან გამოუვალ მდგომარეობაში. "ოცნების" კანდიტატი, ყოველი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას აცხადებს, პროვოკაციას მიწყობენო. მას მიაჩნია, მსგავსი თავის მართლებით დააჯერებს ხალხს ტყუილების კასკადს.
ფაქტების დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ ოზურგეთში განვლილი კვირის განმავლობაში აშკარად შესამჩნევი იყო სუს-ის თანამშრომელთა აქტიურობა "ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ.
არჩევნები ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიული არჩევნები!
მეოცნებე ნაციონალთა გაუგებარი შერწყმით გამოწვეული ოზურგეთელთა ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.
ხალხი აღშფოთებას ვერ ფარავს! თუ ასე გაგრძელდა, ჯანყი გურიაში გარდაუვალია!" _ ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი კვერღელიძემ თქვა, რომ დღეს დილიდან შოთა გოგიბერიძის შტაბი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს უბნებზე ექსცესებს აქვს ადგილი:
_ ცრუობს, როცა ამბობს, რომ უბნებთან ამომრჩეველი მიჰყავთ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით და ამ სიცრუეს საკუთარი თვალით ხედავს ოზურგეთელი ამომრჩეველი; "ქართული ოცნების" კანდიდატს აბრალებს, რომ იძულებით და დაშინებით მიჰყავთ ამომრჩევლები უბანზე; უდიერად ახსენებს პატიმართა ოჯახებს და ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები გააჩნიათ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და არც შოთა გოგიბერიძეს და არც მის შტაბს უსაფუძვლო ბრალდებების არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია და არც წარმოუდგენია.
არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში. ჯერჯერობით არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით გოგიბერიძის შტაბის წევრების მცდელობას, პროვოკაციით გამოიწვიონ რომელიმე უბანზე არეულობა, რასაც ოზურგეთელი ამომრჩეველი სიმშვიდით ხვდება.
_ ბატონო დიმიტრი, სოციალური ქსელში დათო ლაღიძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს: "ოცნების" კანდიდატი ოზურგეთში, ბეგლარ სიორიძე ცდილობს, მოისყიდოს ამომრჩევლები. ხმის მიცემის შემდეგ ხდება ფულის გაცემა ამ პირებზე.
_ ეს ინფორმაცია არის ჭორი და მეტი არაფერი.
და ბოლოს, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ანასეულის საარჩევნო უბანზე, შესაბამისი საფუძვლის გარეშე შეცვალეს წილისყრით შერჩეული მარკირების შემმოწმებელი პირი.
_ მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობით მარკირების შემმოწმებელი პირის შეცვლა შესაძლებელია და ეს ფაქტი კიდევაც აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში, _ გვითხრა #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა.
შოთა გოგიბერიძის შტაბის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექადიის 60/10 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა, ამომრჩეველს, რომელსაც არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, მისცა თავისი პირადობის მოწმობა. ანუ, ამომრჩეველი ხმას აძლევდა კომისიის წევრის პირადობის მოწმობით.
ექადიის სარჩევნო უბანზე იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად თენიეშვილი.
მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილია:
_ დაიწერა საჩივარი და ამ ფაქტზე საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს. რაც მთავარია, იმ ამომრჩეველს, რომელსაც ეს ამბავი გადახდა თავს, ხმა არ მიუცია, _ გვითხრა თენიეშვილმა.


































































