დღეს, ჩოხატაურს საკრებულოს ახალი შემადგენლობა და საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ოფიციალურად ეყოლება. სხდომა, რომელსაც როგორც წინა, ასევე ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები დაესწრებიან, 10 საათზე დაიწყება.
საზოგადოებაში ახალარჩეული დეპუტატების მიმართ მოლოდინი დიდია _ ჩოხატაურელები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ახალმა ძველის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და არც ძველის დაწყებული კარგი დაივიწყოს.
ამაღლებაში მცხოვრები ნინო სიხარულიძე ამბობს, რომ მის სოფელს საკრებულოს 4-წლიანი მოღვაწეობა არ დატყობია:
_ ჩემს სოფელში ისიც კი არ იციან, საკრებულო თუ არსებობს. ადგილზე, გამგეობას რომ ვეძახით, კაციშვილს ვერ ნახავ. ვისაც როგორ გაუხარდება, ისე იქცევა. რაც მთავარია, ხელფასებს იღებენ და ხალხი ვის დაკარგვია?! _ აღნიშნავს სიხარულიძე, რომლის თქმით, ბევრი მოლოდინი არც ახალარჩეული ხელისუფლებისგან აქვს.
_ სიკეთე მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს დაეტყოთ _ ეგენი გასქელდნენ, _ ამბობს გუთურში მცხოვრები ნონა ეზიეშვილი.
_ ქალბატონო ნონა, რა მოლოდინი გაქვთ ახალი ხელისუფლებისგან?
_ არაფერი განსაკუთრებული. თუ საარჩევნო დაპირებებს შეასრულებენ, კარგი იქნება, თუმცა მიჩვეულები ვართ, რომ არავინ ასრულებს დანაპირებს, _ აღნიშნავს ეზიეშვილი.
_ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ყველას კმაყოფილი ვარ, _ გვეუბნება ქვემოერკეთელი ლევან ჟღენტი, რომელსაც აწ უკვე ძველი ხელისუფლებისთვის სასაყვედურო არაფერი აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ასე იქნება.
_ კმაყოფილი ნამდვილად ვარ _ გზები გაიყვანეს, ახლაც დამატებით გაჰყავთ ელექტრო ხაზები, კარგი საქმე ბევრი გაკეთდა, როგორ არა, _ ამბობს ნაბეღლაველი მერაბ კვაჭანტირაძე.
_ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, _ გაურკვევლობაშია ერთ-ერთი ჩოხატაურელი.
ჩოხატაურის 2010-2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე ამბობს, რომ ბევრი გააკეთა, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია:
_ ჩემი მუშაობა ხალხმა უნდა შეაფასოს. მე, პირადად, ვფიქრობ, ბევრი რამ გავაკეთე, თუმცა, გული მწყდება რომ რაღაცეები გაუკეთებელი დამრჩა, _ ამბობს ხუნდაძე და დასძენს, რომ ახალი საკრებულო ჩოხატაურისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.
სანამ ახალი საკრებულო მუშაობას დაიწყებს, მანამ, ვფიქრობთ, ძველის საქმიანობისთვის თვალის გადავლება არ იქნებოდა ურიგო და ამიტომაც, "გურია ნიუსის" არქივს გადავხედეთ.
გასული 4 წელი ჩოხატაურის საკრებულოსთვის საკმაოდ ხმაურიანი იყო _ ჩვენებურებმა საქართველოს თავი ბახმაროს სკანდალით დაამახსოვრეს: უკანონოდ დაკანონებული მიწები, ძებნაში მყოფი მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე, რიგი უპასუხო შეკითხვები, უკანონობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელები _ ეს ყველაფერი ჩოხატაურის საკრებულოს "ბალანსზე" იყო და ახლაც არის, რადგან ამ ორომტრიალში, მაშინდელმა გამოძიებამ ერთადერთ დამნაშავედ ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე, შოთა სირაძე ცნო.
ბახმაროს სკანდალს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული ეგზეკუცია მოჰყვა. 2012 წელს, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ "ქართული ოცნების" წევრებს, კონტროლის პალატის წარმომადგენლები სწორედ ჩოხატაურის ადმინისტრაციულ შენობაში კითხავდნენ, ტანსაცმელს ხდიდნენ და ამაზე ადგილობრივ ხელისუფლებას რეაქცია არ ჰქონდა. ამას მოჰყვა ჟურნალისტებისთვის, მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი ადმინისტრაციული შენობა და დაწესებული საშვი, რომლებიც მხოლოდ "გურია ნიუსის" ჟურნალისტებისთვის და იმ მოქალაქეებისთვის აამოქმედეს, რომლებისთვისაც ხელმძღვანელი პირების ნახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
ამის გამო "გურია ნიუსმა" ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ანტონ ხუნდაძის იმ ბრძანების გაუქმება მოითხოვა, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება შეგვეზღუდა.
სასამართლო მორიგებით დასრულდა და ანტონ ხუნდაძეს დათმობაზე წასვლა მოუხდა.
იყო შემთხვევები, როცა საკრებულოს სხდომებს იმ მიზეზით ხურავდნენ, რომ მას ჟურნალისტები არ დასწრებოდნენ. ასეთ შემთხვევებში, საკრებულოს გადაწყვეტილების დასაბუთება უჭირდა და შესაბამისად უწევდათ აღიარება, რომ კანონს არღვევდნენ.
"გურია ნიუსის" არქივში ბევრი საინტერესო დოკუმენტი და ინტერვიუ ინახება. მათ შორის ისეთებიც, სადაც დეპუტატები ვერ პასუხობდნენ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს თვითმმართველობა. იყვნენ ისეთები, რომლებსაც ისიც კი არ იცოდნენ, რა არის თვითმმართველობის ქარტია და რა შეხება აქვს მასთან საქართველოს.
საკრებულოს არაპოპულარობაზე ცენტრალური ხელისუფლებაც "ზრუნავდა" _ მათ მიერ კანონით მინიჭებულ უფლებას, აერჩიათ გამგებელი, არავინ არაფრად აგდებდა და ამიტომაც, ჩოხატაურს ყოველთვის ჰყავდა რომელიმე მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ ხელდასმული გამგებელი, რომელიც, როგორც წესი, საკრებულოზე ყოველთვის ახდენდა გავლენას.
ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტიდან ჩოხატაურის საკრებულოს არასოდეს მოკლებია მრავალჯერადი პრემიები, სატელეფონო ხარჯები, გაზრდილი ხელფასები, საწვავი… ამას ემატებოდა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, სხვადასხვა აქსესუარები _ 4 წლის განმავლობაში, ჩოხატაურის გამგეობის და საკრებულოს წევრების შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატებმა მედროვეობაში პირველობა არავის დაუთმეს 2012 წლის 2 ოქტომბერს და უკვე 5 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ნავში გადასხდნენ.
შესაბამისად, ფრაქციებიც შექმნეს და საკრებულოს სხდომებზე "ქართული ოცნების" მისამართით ოვაციებს არ მალავდნენ: _ წავედით ახლა და ვიქეიფოთ, _ აღტაცებით ამბობდნენ დეპუტატები.
ასე და ამგვარად, 30-კაციან საკრებულოში, რომელშიც 2010 წელს 27 ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, 2014 წლის ივნისამდე, ამ პარტიას მხოლოდ 4 ადამიანი შემორჩა _ საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე, მისი მოადგილე მიხეილ უნგიაძე, ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე ზაზა ბასილია და ხიდისთავის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო მეგრელიძე.
ამ დეპუტატებმა წელიწადნახევრის განმავლობაში კოჰაბიტაციურ რეჟიმში შესანიშნავად იმუშავეს _ მათთან პრეტენზიები არც კოლეგებს ჰქონიათ და არც გამგეობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში "ქართულ ოცნებასთან" ერთად მოვიდნენ.
რა იქნება ხვალ? ამ კითხვაზე ახალარჩეულ დეპუტატებს ერთნაირი პასუხი აქვთ: "ყველაფერი შეიცვლება _ ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ჩოხატაურზე". ახალარჩეულ დეპუტატებს, ჯერჯერობით, კონკრეტული საუბარი არ სურთ, როგორც ამბობენ, სიტუაციის საბოლოო დალაგებამდე. სიტუაციის საბოლოო დალაგება კი თანამდებობების გადანაწილებას ნიშნავს, რომლის გამო, როგორც წყარო ამბობს, კოალიციაში არც თუ შეხმატკბილებული ურთიერთობაა.
რამდენად მოახერხებს ახალი საკრებულო ერთი გუნდის პრინციპით მუშაობას, ეს მალე გახდება ცნობილი. მანამდე კი რჩება მოლოდინი დაპირებების შესრულების და ძველი შეცდომების არგამეორებისა!







































































