ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლის უმრავლესობა, ქალი იყო და შეადგინა საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 53,91%. სულ ხმა მისცა 332,865-მა ქალმა ამომრჩეველმა.
ცესკოს ინფორმაციით, ქალი ამომრჩევლების მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა თბილისი – 57%. დედაქალაქის ათივე ოლქში ქალი ამომრჩევლების აქტივობის მეტნაკლებად ერთნაირი მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და საშუალო აქტივობა მერყეობდა 55-59%-ს შორის.
რაც შეეხება რეგიონებს, აქ არჩევნებში მისული ამომრჩევლების 51% იყო ქალი. ქალები ყველაზე აქტიურები იყვნენ რუსთავში 54.79%, ოზურგეთში 54,38%, და მარტვილში 52.29%.
ცესკომ ,ასევე, შეადარა არჩევნებში მისული ამომრჩევლების რაოდენობა მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. სულ რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლებიდან 12 ივლისს ხმა მისცა 35%-მა. თბილისში არჩევნების მეორე ტურში რეგისტრირებულ ქალ ამომრჩეველთა 34% მივიდა. რაც შეეხება რეგიონებს, არჩევნებში რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლების 36%-მა მიიღო მონაწილეობა. შედარებით მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა ხონი 61%, თიანეთი 53% და თერჯოლა 52%.
რაც შეეხება ქალ კანდიდატებს, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებში, დამატებითი დაფინანსების მისაღებად კანონით დადგენილი გენდერული ბალანსი ორმა საარჩევნო სუბიექტმა დაიცვა: საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია".
ცნობისთვის მეორე ტური 12 ივლისს, 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში, გაიმართა.