ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულის სხდომაზე, სადაც რეგლამენტის საკითხს განიხილავდნენ, საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის არჩევასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა დაისვას შემდეგ საკრებულოს სხდომაზე.
"რა არის აქ გაუგებარი და მიუღებელი? კანონდარღვევას ხომ არ ჩავდივართ, შეიძლება მეორე მოადგილე ავირჩიოთ“, _ თქვა გიორგი გოგუაძე.
ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, ამ ინიციატივას მხარს არ უჭერდა “ქართული ოცნების“ დეპუტატი ია ჩხაიძე.
"მე ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე და მიმაჩნია, რომ ერთი მოადგილე საკმარისია. ჩვენ ნამდვილად მოვიქეცით კანონის ფარგლებში. რატომ ფიქრობთ, ახლანდელი მოადგილე ვერ გაართმევს თავს და მეორე მოადგილე აუცილებელია?!", _ ამბობს ია ჩხაიძე.
გიორგი გოგუაძემ თავის კოლეგას მცირე დებატების შემდეგ ასე მიმართა: "ქალბატონო ია, საინტერესოა, გენდერულ ბალანსზე არ გიფიქრიათ? კარგი იქნება თუ მეორე მოადგილე ქალი გახდება“
რას გადაწყვეტს საკრებულო, ეს აგვისტოში, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გახდება ცნობილი.