დასაქმება, მოსახლეობისთვის ყურადღების მიქცევა, გარევაჭრობის საკითხის გადაჭრა და სოფლის მეურნეობის აღორძინება _ ეს მცირე ჩამონათვალია, რომლის შესრულებას მოსახლეობა ახალარჩეული გამგებლისგან, ზაზა ურუშაძისგან ითხოვს.
_ რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ყოველ შემთხვევაში, ცვლილებას ვერ ვგრძნობთ, ველოდებოდით უკეთეს მდგომარეობას. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობას. ყანას მატლები შეესია. კომუნისტების დროს იწამლებოდა ყანები და ამაზე სოფლის მოსახლეობა არ ზრუნავდა, ხელისუფლება აკეთებდა. სამუშაო ადგილები არ არის და ეს მაინც გააკეთოს, _ გვითხრა სოფელ ჩიბათში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
უფრო ღია აღმოჩდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები, რომლებმაც ჩვენთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ მთავარია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხის ნდობა მოიპოვოს.
გულნარა დავითაძე: _ პრობლემას რა გამოლევს ჩვენს ქვეყანაში. ჩემი აზრით, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობას უნდა მიეხედოს. ასევე, გვაქვს პირადი პრობლემები. კარგი იქნება, გამგებლის კაბინეტში მისულებს ყურადღებას თუ მოგვაქცევენ და მოგვხედავენ. ის ჩვენი რჩეულია. ხალხი ვითხოვთ ყურადღებას!
რუსუდან სარჯველაძე: _ ძალიან კარგი იქნება, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ დაინტერესდებიან თითოეული ოჯახის პრობლემებით. პრობლემის მეტი რა არის ლანჩხუთში. შეცვლით არაფერი შეცვლილა. მთავარია, ხალხი და კარგი იქნება თუ მეტი კარგი საქმის გაკეთდება ჩვენს მუნიციპალიტეტში.
ირმა კვაჭანტირაძე: _ კარგი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასაქმების პროგრამას თუ აამუშავებენ. ამ პრობლემის მოგვარებას ვუსურვებ ახალარჩეულ გამგებელს.
თამარ გიგინეიშვილი: _ ხალხს სჭირდება სამუშაო. როდესაც დასაქმებულია ადამიანი, მას ეკონომიკური პრობლემაც მოგვარებული აქვს მეტ-ნაკლებად.
ნანული ჩხაიძე: _ ერთ რამეს გეტყვით, თუ გამგებელი გააკეთებს ხალხის სასიკეთოდ საქმეს, ყველა დავინახავთ და გვერდში დავუდგებით.
რუსუდან დარჩია: _ მთავარია, ქალაქ ლანჩხუთში გარევაჭრობის პრობლემა მოგვარდეს, რათა იარსებოს აგრარულმა ბაზარმა.