ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი კახა ასკურავა, შესაძლოა, დააკავონ. როგორც გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში გვითხრეს, ამის მიზეზი მის წინააღმდეგ შესული საჩივარია:
_ 2014 წლის 25 ივლისს, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახაბერ ასკურავა (პარტიული სიის პირველი ნომერი) თავის ძმასთან, გიორგი ასკურავასთან ერთად, მივიდა სამანდატო და იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძის (პარტია „ქართული ოცნება“) სამუშაო ოთახში, სადაც ბიწაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მყოფ, ქალაქ ლანჩხუთში მცხოვრებ ლილი ებრალიძეს. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია რომან ბიწაძის, სალომე ზენაიშვილის, ლილი ებრალიძისა და ნინო ებრალიძის ჩვენებებით. კახა ასკურავა მუშაობდა გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილედ, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. ამჟამად არის პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატი, _ გვითხრეს სამხარეო პოლიციაში.
ასკურავა ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, თუმცა, დაპირისპირებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა:
_ რომან ბიწაძემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მომაყენა და ამის გამო მოვთხოვე პასუხი. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ეს ეხებოდა პირადს და ამის გამო გავეცი პასუხი
_ ბატონო კახა, როგორც გვითხრეს, პასუხის მოსათხოვად მის სამუშაო ოთახში მიხვედით.
_ მე იმ კომისიის წევრი ვარ, რომელსაც რომან ბიწაძე ხელმძღვანელობს.
_ გვითხრეს ისიც, რომ თქვენ ფიზიკური შეურაცხყოფა იქ მყოფ სხვა მოქალაქესაც მიაყენეთ…
_ ქალბატონისთვის, რომელიც ბატონი რომანის კაბინეტში დამხვდა, არავითარი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია _ ხელზე „წამეპოტინა“ და მოვიშორე. მხოლოდ ეს იყო, _ გვითხრა ასკურავამ.
მისივე თქმით, ის პოლიციას ჯერ არ დაუკითხავს.
პოლიციაში გვითხრეს, რომ როდესაც ასკურავას დაკითხვაზე დაიბარებენ, დიდი ალბათობით, დააკავებენ კიდეც.
ჩვენ შევეცადეთ რომან ბიწაძესაც დავკავშირებოდით, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.