პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებზე განმარტებას აკეთებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიორგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები.
საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, მტკიცებულებათა გაცვლა ბრალდებულების ადვოკატებთან მოხდა 2014 წლის 29 ივლისს, შესაბამისად დაცვის მხარის განცხადება გაცვლიდან მეორე დღეს მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ არასერიოზულია და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევა ხდება სასამართლოში, არსებითი განხილვისას და სწორედ სასამართლოა ის ორგანო, რომელიც აფასებს მტკიცებულებების საკმარისობას და სანდოობას, ასე რომ გამოძიების ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებები სრულიად უსაფუძვლოა.
ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვინდა განვმარტოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება გამოტანილი იქნა ნინო ბურჯანაძის დაკითხვამდე, ვინაიდან გამოძიების მიერ ნ.ბურჯანაძის დაკითხვის გარეშეც შეკრებილი იყო უტყუარი მტკიცებულებების საკამარისი ერთობლიობა, რაც იძლეოდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მ.სააკაშვილის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე."