დასავლეთ საქართველოში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, დატბორილია რამდენიმე სოფელი. მოულოდნელმა სტიქიამ ჩოხატაურის რაიონებშიც რამდენიმე სოფელი დააზარალა და მოსახლეობის ნაკვეთები დააზიანა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ნაბეღლავის მინერალური წყლის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაც.
"წყალი მარგებელის” სტიქიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
"სტიქიის შედეგად "ნაბეღლავის” ქარხანაში მუშაობა შეფერხებულია. ზარალი საკმაოდ დიდია, თუმცა ძირითადი დანადგარები დაზიანებული არ არის. ზარალს ითვლის სადაზღვევო კომპანია "ირაო". ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სავარაუდოდ ქარხანა 2-3 დღეში ამუშავდება. "წყალი მარგებელი” მოგახსენებთ რომ პროდუქციის მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას. ქარხანა სრული დატვირთვით ფუნქციონირებას 10 დღეში დაიწყებს. ქარხნის სრული რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდება"
(R)