ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილე კი დიმიტრი კვერღელიძე გახდა
"ნაციონალების" თქმით, ოზურგეთის საკრებულოს სხდომა პროცედურული დარღვევებით ჩატარდა
გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს სხდომა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მათი განმარტებით, სხდომა დილიდანვე მიმდინარეობდა უხეში პროცედურული დარღვევებით, ხოლო ამ დარღვევებმა თანდათან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
საკრებულოს სხდომა 10 საათზე დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს, რომელსაც კონკურენტი არ ჰყოლია. კონკურენტი არც დიმიტრი კვერღელიძეს ჰყავდა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
საკრებულოს სხდომას საქართველოს პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე ესწრებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დღის წესრიგში წინასწარ შეტანილი იყო ის საკითხები, რომელსაც მომავალში მისაღები საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებდა.
საქმე ეხება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების არჩევას, მაშინ როცა ის ნორმატიული აქტი რომლითაც მათი არჩევა უნდა მომხდარიყო ძალაში ჯერ კიდევ არ იყო შესული. შესაბამისად “ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად საკრებულო დატოვეს. მანამდე კი ჟურნალისტებთან რამდენიმე სახის განცხადება გააკეთეს:
"საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოხდა ისე რომ არ ყოფილა დადგენილი წესით კანდიდატურის განხილვა. ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის მიუხედავად კანდიდატმა ვერ წარმოადგინა ოზურგეთის თემის განვითარების ზოგადი გეგმა და ის წინადადებები თუ რის გაკეთებას აპირებდა საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.
დროის დაზოგვის მიზნით უმრავლესობის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება რეგლამენტის განხილვის გარეშე მიღების თაობაზე ( ადმინისტრაციული წარმოების გარეშე), რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არგუმენტირებული პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც, საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება რეგლამენტის კანონმდებლობით გათვალისწინებული მუხლობრივი წესით მიღებისა.
"ნაციონალური მოძრაობის" დასაბუთებული არგუმენტაციის მიუხედავად, რომ რადგანაც რეგლამენტი კანონოს დადგენილი წესით არ იყო ხელმოწერილი და გამოქვეყნებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, ასევე ნორმატიულ აქტს არ გააჩნდა მისი მიღებისთვის საჭირო სხვა რეკვიზიტები ( დადგენილი ნიმუშის ბლანკზე არ იყო დაბეჭდილი ასევე განსაზღვრული არ იყო დადგენილების ნომერი რითაც რეგლამენტის მიღება მოხდა.). "ნაციონალურმა მოძრაობამ" განმარტა, რომ როცა დარღვეულია ნორმატიული აქტის გამოცემისთვის საჭირო აუცილებელი რეკვიზიტები ნორმატიული აქტი ბათილია ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებული შედეგებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე რადგან საკრებულოს უმრავლესობას არ გააჩნდა კონსტრუქციული ოპონირების ნება ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა აშკარა პროცედურული დარღვევებით მიმდინარე საკრებულოს სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, ბახვის მაჟორიტარი დეპუტატი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანმა, ბახვის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ ჩაიბარა.
საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი, ბოხვაურის მაჟორიტარი დეპუტატი გელა ჩავლეიშვილი დაინიშნა.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, კონჭკათის დეპუტატი ტარიელ აროშიძე გახდა.
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე დაბა ნასაკირალის დეპუტატმა შოთა ართმელაძემ ჩაიბარა.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პოსტზე ლელა საჯაია დაამტკიცეს
ფრაქცია "ოცნებას" სოფელ სილაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა კილაძე, ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" კახა გობრონიძე, "პატრიოტთა ალიანსს" კი, დამოუკიდებელი დეპუტატი პაატა კიღურაძე უხელმძღვანელებენ.