"საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ რუსეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა, მაგრამ ამოსავალი ამ კეთილმეზობლური ურთიერთობისა, არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება", _ ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე – ამბასადორიალზე, სიტყვის გამოსვლის დროს.
მისივე განცხადებით, დროა რუსეთთან ურთიერთობა გადავიდეს ეკონომიკური და რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში.
"ჩვენ ვიაზრებთ იმ პროცესს, რომელიც წელს, უკრაინაში მოხდა, როგორც უშუალო გაგრძელებას 2008 წლის მოვლენებისა. ეს პოზიცია და ეს მესიჯი, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რადგან პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს.
საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია, დალაგება და მშვიდობან ჭრილში გადაყვანა.
ამ თავლსაზრისით, ხაზგასასმელია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და მინდა ხაზი გაუსვა ამ პოზიციას, იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ ეს არის ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან. ამ ურთიერთობაზე საუბარი მიმდინარეობს ყველა ქვეყანასთან, სადაც ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვახორციელებთ.
საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მშვიდობიან კონსტრუქციულ კონტექსტში გადაიტანოს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რეალურად შეიცვალოს პარადიგმა პრივილიგირებული სფეროები და გადავიდეს ურთიერთობა ეკონომიკური და რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში. ეს პოზიცია უნდა დაფიქსირდეს.
ეს არის პოზიცია, რომელიც ჩვენ აქტიურად უნდა გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს ბევრად უფრო მეტი ჩართვა ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაში", _ განაცხადა მარგველაშვილმა.