(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურული კლუბები წარმატებით გამოსვლას განაგრძობენ _ უკვე 7 ტური მიილია და ორივე მათგანი წაუგებელ სერიას განაგრძობს. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა “გურია” და “მერცხალი” ჩემპიონატის სტარტიდან 2 თვის განმავლობაში წაუგებლად ასპარეზობენ. აღსანიშნავია, რომ მოგება ორივეს დრამატულ ბრძოლაში მოუხდა _ ლანჩხუთელები “აიეტს” მასპინძლობდნენ და უკვე 18-ე წუთზე გაგა დეისაძის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, ხუთ წუთში სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. “გურიამ” შეტევები გააძლიერა და უკვე პირველივე ტაიმში ჯერ გიგა კვერენჩხილაძემ გაქვითა, ხოლო ტაიმის მიწურულს ერთ წუთში 2 გოლი გაიტანა დეისაძემ, რომელმაც მეორე ტაიმში გატანილი გოლით პოკერი შეასრულა.
ასევე მძიმე მატჩი ჰქონდა “მერცხალს” ახალციხეში _ “მესხეთს” დაწინაურების შანსი მსაჯმა 34-ე წუთზე მისცა, როცა ჩვენებურთა კარში პენალტი დანიშნა. “მერცხალის” ვეტერანმა მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო, მაგრამ არბიტრმა მისი განმეორებით შესრულება მოითხოვა. გოგუა მატჩის გმირად იქცა _ მან პენალტი მეორედაც მოიგერია. მის გმირობას კი ეშხი კალანდაძის მიერ 66-ე წუთზე გატანილმა გოლმა შესძინა.