დღეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ზუგდიდში მედიკოსებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრაზე, სამინისტროს ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა, რის მიხედვითაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან მე-2 ჯგუფის მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
ასევე, არასრულწლოვნებზე, ანუ 18 წელს მიუღწეველ ახალგაზრდებზე წამლები აღარ გაიყიდება, მათ შორის, არც რეცეპტით.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციებს, 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის მედიკამენტის მიყიდვის შეზღუდვას საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გიგი წერეთელი აკრიტიკებს და ამბობს რომ, ეს მთავრობის მხრიდან გადადგმული არაეფექტური ნაბიჯია.
"გურია ნიუსთან" ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ გიგი წერეთელს, როგორც ექიმსა და პარლამენტის წევრს, რეგულაციებთან დაკავშირებით მეტი პასუხისმგებლობა და საგნობრივი ანალიზი მართებს.
"ყოველთვის ვერიდები-ხოლმე პიროვნულ და ზურგს უკან საუბარს. თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა, პარლმენტის წევრს, გიგი წერეთელს მეტი პასუხისმგებლობა და საგნობრივი ანალიზი მოეთხოვება ისეთ საკითხებზე, რაც მის პროფესიულ სფეროში შედის. მე გუშინ მოვისმინე ბატონი გიგი წერეთელის კომენტარი ამ თემაზე, კერძოდ არასრულწლოვანებისთვის მიყიდვის შეზღუდვაზე და სასწრაფოს გამოძახების რეგულაციებზე.
პარლამენტმა შეზღუდვები შარშან ივლისში მიიღო. ხოლო არასრულწლოვანებთა შეზღუდვები ძალაში 1 იანვარს შევიდა. მე ვერ ვიხსენებ ბატონი გიგის ვერცერთ დებატში მონაწილეობას და არც შემდგომ განცხადებას, რომლითაც იგი ამ რეგულაციას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, როგორც პარლამენტის წევრის, ეს მისი მოვალეობა იყო. ახლა ცდილობს გულისტკივილი გამოხატოს, რომელსაც მე ვერაფრით დავარქმევ კონსტრუქციულობას. პირიქით, ჩემი აზრით, ეს ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნაა", _ განაცხადა სერგეენკომ.