მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელებისთვის ლანჩხუთის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ განმარტა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილია და 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია გრანტის სახით 215 784 ლარი. მისივე თქმით, შესაბამის სამინისტროებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ღონისძიებების გასახორციელებლად ეს თანხა სუბსიდიის სახით ა(ა)ი „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრს გადაეცემა.
ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას სხდომაზე მყოფმა ოცდაორივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი იმ მოტივით, რომ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, კომისიებსა თუ ფრაქციებში საკითხის დეტალური განხილვა მოხდება.