საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგის მატებას, პრემიერის რეიტინგის კლების ფონზე, ამ პირების განსხვავებულ ფუნქციურ დატვირთვას უკავშირებს.
როგორც ანალიტიკოსი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, პრემიერი ცენტრალური აღმასრულებელი პირია, მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს და აბსოლუტურად ბუნებრივია თუ ამ უფლებამოსილების ფარგლებში, მისი რეიტინგი სტაბილურად მაღალი არ იქნება.
"გასაკვირი არაა რომ პრეზიდენტი რეიტინგი გაიზარდა და პრემიერის შემცირდა, რადგან მათ სხვადასხვაგვარი ფუნქციური დატვირთვა აქვთ.
პრეზიდენტს ამ მხრივ ბევრად მეტი ფუფუნება აქვს, რადგან ის არ არის ისეთი გადაწყვეტილებების მიმღები პირი, რომელსაც საზოგადოება პასუხისმგებლობას ჰკიდებს.
პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგს, მისი საუბრები ჰქმნის, პრემიერისას – ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
მარგველაშვილი გამოდის ყოველთვის ისე როგორც ზოგადი საზოგადო მოღვაწე სხვადსხვა საკითხებთან მიმართებაში, სწორ კონტექსტში გამოხატავს პოზიციებს, ამიტომაც, მისი რეიტინგი მზარდია.
შესაძლოა მისი რეიტინგი აბსოლუტურად მაღალი არ გახდეს, რადგან მას არ შეუძლია გაგვიზარდოს ხელფასი, შეამციროს გადასახადები, მაგრამ თავისის სტატუსის ფარგლებში აქვს საშუალება ჰქონდეს სტაბილურზე მაღალი რეიტინგი", _ ამბობს გამზარდია "გურია ნიუსთა" საუბრისას.
ანალიტიკოსი თვლის, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ იმ შეფარულ დაპირისპირებას, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის ცხადი მათი არაერთი კომენტარით გახდა, რეიტინგზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო.
თუმცა, მისივე თქმით, ამ კონფლიქტმა გიორგი მარგველაშვილს საშუალება მისცა საზოგადოებისთვის თავი შეეხსენებინა.
არამგონია მათი ურთიერთდამოკიდებულებები რეიტინგზე აისახებოდეს.
"ღარიბაშვილმა მაღალი რეიტინგით დაიწყო მაგრამ მას მრავალი პასუხისმგებლობა აქვს და დაიწია, ხოლო პრეზიდენტმა ნულოვანი რეიტინგით დაიწყო, მას მოსახლეობის თვალში პირდაპირი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან საკითხებში არ ენიჭება და მისმა რეიტინგმაც იმატა.
მათი პერსპექტივები რეიტინგთან მიმართებაში, განსხვავებულია.
პრეზიდენტს, პრემიერთან შედარებით, მეტი შანსი აქვს მაღალი რეიტინგი ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ იგი საზოგადოებასთან კარგად შედის კომუნიკაციაში.
ის ძალიან კარგად მიდის წინ, აქვს საშუალება თავისი რეიტინგის შესაძლებლობების მაქსიმუმ მიაღწიოს. ეს კი საშუალებას მისცემს ჰყავდეს გუნდი, იყოს პოლიტიკური პროცესების წარმმართველი", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ანალიტიკოსი.