"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მინდია ჟღერია დაინიშნა.
კონკურსის თარიღი ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, თუმცა, კანონის თანახმად, ის ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.
კანონის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომუშავე 203 ადამიანიდან 90 ადამიანი უნდა დარჩეს. როგორც გვითხრეს, 82 _ გამგეობაში, 8 კი საკრებულოში. ამას ხელშეკრულებით აყვანილი პირები დაემატება, რომელთა რაოდენობა გამგეობასა და საკრებულოში, საერთო ჯამში, 10 ადამიანს არ აღემატება.
ტესტირების გავლა არ მოუწევთ არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს, თუმცა, როგორც გამგებელი, ირაკლი კუჭავა ამბობს, ა(ა)იპი-ების საშტატო განრიგი აუცილებლად გადაიხედება.
_ ანალიზისთვის მოხდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ხარჯვითი ნაწილის შესწავლა, _ გვითხრა კუჭავამ.
_ ბატონო ირაკლი, ეს ანალიზი ვინ უნდა გააკეთოს? აუდიტის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ჩანტლაძემ, რომლის ხელშიც წლების განმავლობაში ყველა ა(ა)იპ-ის ხარჯი გადიოდა? დარწმუნებული ხართ, რომ ჩანტლაძე თავის საქმიანობას წუნს აღმოუჩენს?
_ შემოწმებაში აუდიტის სამსახური არ მიგულისხმია. თუმცა, ამ სამსახურმა უკვე წარმოადგინა სამუშაო გეგმა და ერთ-ერთი ა(ა)იპი, კონკრეტულად კი "ბახმარო" შეამოწმა. მინდა განვმარტო, რომ შიდა აუდიტის სამსახური არ არის სადამსჯელო განყოფილება. მისი მთავარი ფუნქცია პრევენციული ღონისძიებების გატარება და რეკომენდაციების გაცემაა. რაც შეეხება ა(ა)იპ-ების შესწავლას, ვგულისხმობ ფინანსურ მონიტორინგს, რომელსაც საფინასო სამსახური გააკეთებს. უნდა დადგინდეს საჭიროა თუ არა ამდენი ა(ა)იპი, ამდენი თანამშრომელი, _ გვითხრა კუჭავამ.