(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის ააიპ დასუფთავების სამსახურის ინიციატივით, ბოლო კვირის განმავლობაში, სოფლებში გასვლა და ცენტრისა თუ მიმდებარე ადგილების დასუფთავება დაიწყო. პირველად სოფელ ჯუმათს ეწვივნენ, სადაც ჯერ ცენტრის ტერიტორია, შემდეგ კი გამგეობისა და სკოლის მიმდებარე ადგილები დაასუფთავეს. ამ აქციამ ადგილობრივ მცხოვრებთა ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია: _ ასე ცოცხებით შემოსვლას არ ველოდით. ძალიან კარგია, რომ ასუფთავებენ. ეს წყარო მამაჩემის, კაპიტოს სახელობისაა. ამ ტერიტორიას ხშირად ანაგვიანებენ და დაბინძურებულს ტოვებენ. კარგი იქნება, გამგებელმა დანიშნოს ვინმე დამლაგებლად, მისცეს 30 ლარი და დაასუფთავებინოს აქაურობა, _ გვითხრა სოფელ ჯუმათის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
_ ამ ადგილის, ასეთი შესანიშნავი და იშვიათი გარემოსა და წყაროს პატრონი და გამგებელი თქვენ თვითონ ხართ, ამიტომ უნდა მოუაროთ ადგილს, რომელიც მცირე შრომას მოითხოვს და დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, _ შეეპასუხა მას დასუფთავების სამსახურის ერთი თანამშრომელი.
ჯუმათის ცენტრიდან დასუფთავების სამსახურის ბრიგადამ მონასტრის მიმართულებით გადაინაცვლა, 6 ოქტომბერს კი შემოქმედს ესტუმრნენ.
როგორც დასუფთავების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ლენა ქადეიშვილი ამბობს, ასეთი აქციები, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება: _ ჩვენი მიზანია, მოსახლეობა გამოვიწვიოთ, დაასუფთავოს საკუთარი უბანი, ქუჩა თუ ორღობე. ვიცხოვროთ დასუფთავებულ გარემოში. ამას დიდი ჯაფა არ სჭირდება, საუკეთესო განწყობას კი შეგვიქმნის. ძალიან მდიდარი ქვეყანაც რომ გვქონდეს, უბნისა თუ კარმიდამოს შემოგარენის დასასუფთავებლად ხელფასიანი კაცი არ გამოჩნდება.
ქალბატონი ლენა აღნიშნავს, რომ ახლა სოფლების ნუმერაცია დაიწყო და ეს ერთგვარი დამხმარე ფაქტორი გახდება დასუფთავების საქმეში _ როცა ეცოდინებათ, თავიანთი ქუჩა თუ უბანი, უფრო მოინდომებენ, საკუთარი ოჯახივით მიხედონ გარე მხარესაც.
უახლოეს დღეებში დასუფთავების სამსახური სოფლებს _ ლიხაურსა და ჭანიეთს ეწვევა. როგორც ამ სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, ასეთი აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ კარგი ამინდები იქნება.