არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მურნეობის განვითარების ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე, შალვა შავიშვილი დაინიშნა. როგორც ამბობენ, ის ძველი და გამოცდილი კადრია.
_დავიბადე სოფელ ბახვში, დამთავრებული მაქვს სოხუმის მაშინდელი სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, წლების მანძილზე ვმუშაობდი სოფელ ვაკიჯვრის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, შემდეგ კი, სოფელ ლიხაურის საყვავილე მეურნეობის დირექტორად. სოფლის მეურნეობის დარგში მაქვს დიდი გამოცდილება და ეს საქმე ძალიან მიყვარს, _თქვა მან „გურია ნიუსთან“ საუბარში.
_ბატონო შალვა, სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი, ჯერაც სერიოზულ პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში. როგორი ნაბიჯით აპირებთ მუშაობის დაწყებას?
_აუცილებლად უნდა განვითარდეს ეს ა.(ა ).ი.პ ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში ჩავუდექი. ახლა ჩამოვედი ბათუმიდან, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მქონდა შეხვედრა. „გაეროს განვითარების პროგრამით“, შესაძლებელია, ჩვენი ორგანიზაციის 60%-ით დაფინანსება მოხდეს, რის მეშვეობითაც, ძირითადად მეცხოველეობის დარგის განვითარება დაიწყება. მალე გვექნება შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სამუშაო ჯგუფთან, რის შესახებაც აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. შესაძლოა, აღნიშნული პროგრამის თანადაფინანსება 30%-ით სახელმწიფოსგან მოხდეს ან სახელმწიფო დაფინანსების გარეშეც გახორციელდეს, _ გვითხრა შალვა შავიშვილმა.