ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის აზრით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო.
_ სანამ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ვიყავი, მე მხარს ვუჭერდი რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასვლას. პლუს დამატებული ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს. შესაძლებელი იყო ის მომსახურებოდა ყველას, პრემიერ მინისტრს, სხვა უწყებას, როდესაც მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდოდა. ასე, რომ ის დიდი მიღებებისა და მოწვევებისთვის გაკეთებულიყო, _ აღნიშნა პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, უმჯობესია, გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში გადავიდეს.
_ საჭიროა დალაგდეს, გაირკვეს სიტუაცია და ქვეყნის საგარეო უწყებას მიეცეს საშუალება, ისე წარმართოს პოლიტიკა, რომ ნახევარ ქვეყანას და მსოფლიოს სალაპარაკო არ გაუხდეს, _ დასძინა პეტრიაშვილმა.