ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, მუნიციპალიტეტის საკრებულომ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, მოგვაწოდა საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე დასაქმებული თანამდებობის პირების CV -ები და დიპლომის ასლები.
გამონაკლისი მხოლოდ თანამდებობაზე დანიშვნით დასაქმებული საკრებულოს აპარატის თანამშრომლები აღმოჩდნენ, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირის, იაკობ დოლიძის ინფორმაციით "არ წარმოადგენენ საკრებულოს თანამდებობის პირებს და, შესაბამისად, მათზე პირადი საიდუმლოების შემცველი პერსონალური მონაცემების გაცემა დასაშვებია მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში". თუმცა, წერილში დაკონკრეტებული არ არის, რომელმა პირმა და რა მიზეზით განაცხადა უარი CV -ის გასაჯაროებაზე.
რაც შეეხება მოწოდებულ CV-ებს, თითქმის ყველა მათგანში ხაზგასმულია "ქართული ოცნების" წევრობა და პარტიაში დაკავებული თანამდებობები.
ზაზა გობრონიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა. მისი CV-იდან ირკვევა, რომ 2009-2013 წლებში ეროვნული ფორუმის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და ბიუროს მდივანი იყო; 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის ორგანიზაციის სოფელ ნატანების კოორდინატორი; 2009 წლის მაისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, საერთო სახალხო მოძრაობის გაერთიანებული შტაბის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და შეხვედრების კოორდინატორი; 2005-2008 წლებში კი ოპოზიციური მოძრაობის აქტიური წევრი.
გობრონიძის CV-ში არ არის მითითებული რომელი სკოლა, სასწავლებელი დაამთავრა. წერია, რომ ქართული იცის კარგად, რუსული კარგად და ფრანგული ლექსიკონით. თანდართულ დიპლომში კი ვკითხულობთ, რომ 2002 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "აჭარას" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
კონჭკათის მაჟორიტარ დეპუტატს, ტარიელ აროშიძეს მხოლოდ სკოლის დამთავრების ატესტატი აქვს წარმოდგენილი. მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია: "ვმუშაობდი ტელეკომპანია "გურიაში”, ფოთის საბაჟოში და სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიაში".
დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატის, შოთა ართმელაძის CV-ში, სამუშაო გამოცდილების გრაფაში ვკითხულობთ: "ზოტის საშუალო სკოლა, მასწავლებელი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე, სააქციო საზოგადოების დირექტორი".
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუმთავრებია სპეციალობით _ მანქანათმშენებლობის მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია.
1981-82 წლებში მისი დამსაქმებელი "ყაზახეთის რესპუბლიკა, სამშენებლო ორგანიზაცია" ყოფილა. დაკავებული თანამდებობის გრაფაში ეკონომისტია მითითებული.
დარჩიას მოადგილის, დიმიტრი კვერღელიძის CV-ს დიპლომი არ ახლავს, თუმცა, მასში წერია, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.