გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს დასჭირდება ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორია აუცილებლად დაუთმობს.
_ გავიგე მინისტრების განცხადებები, რომ თურმე თავიანთთვის სდომებიათ ეს ტერიტორია. მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება უნდოდეს ამ რეზიდენციაში შემოსვლა, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვათა შორის, მზად ვარ იმ მომენტებში, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება მნიშვნელოვანი მიღებები, რეზიდენციით ისარგებლონ. შეუძლიათ შემოვიდნენ, გააფორმონ ხელშეკრულებები – მშვენიერი ტერიტორიაა, მიიღონ სტუმრები, მზად ვარ, რომ ეს დავუთმო, თუ ეს ხდება პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მას ავლაბრის რეზიდენციის დატოვება არ მოუწევს.
_ ეს იქნება გადასაწყვეტი იმ პოლიტიკური გუნდის, რომელმაც უნდა აიღოს თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა. ეს იქნება მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი არ წავლენ რეალურად საქართველოს კონსტიტუციური ბალანსის წინააღმდეგ და არ გადადგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფის მიზნით, – განაცხადა მარგველაშვილმა.