"გურია ნიუსის" დამფუძნებელს ქ.ნ ია მამალაძესა და "გურია ნიუსის" რედაქტორს ბ.ნ გიორგი სიხარულიძეს
სააგენტო "გურია ნიუსზე" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის სტატია, სახელწოდებით "უგულებელყვეს თუ არა კანონი დანაშაულის დაფარვით ბიზნესმენმა, პოლიციამ და მერიამ?!" გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სტატიაში მოყვანილი "ფაქტები", რომელსაც ჟურნალისტი ე.წ "წყაროზე" დაყრდნობით წერს, არ შეესაბამება სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დეტალურად გასცა ქ.ნ ჟანა მეგრელიშვილს პასუხი იმის შესახებ, თუ რა გახდა საგზაო ბორცვის აღების მიზეზი, ის მაინც მიზანმიმართულად აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გამოგონილი ისტორიით. უფრო მეტიც, მას მცდელობაც კი არ ჰქონია, დაკავშირებოდა ოზურგეთის საპატრულო პოლიციას, იმის გასაგებად, მოხდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა აღნიშნულ დღეს, ანუ 14 სექტემბერს. რადგან ჟურნალისტმა შეგნებულად თავი აარიდა ამ მარტივი ჭეშმარიტების დადგენას, გადავწყვიტეთ, თავად მიგვემართა წერილობით საპატრულო პოლიციისათვის და გამოგვეთხოვა აღნიშნული ინფორმაცია, რომელსაც გიგზავნით თანდართული დოკუმენტის სახით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს ღრმა პატივისცემას თქვენი მედიაგამოცემის მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ საპასუხო წერილს უცვლელად გამოაქვეყნებთ, როგორც სააგენტო "გურია ნიუსზე", ასევე გაზეთ"გურია ნიუსში". კიდევ ერთხელ, გვსურს, განვაცხადოთ, ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის, ასევე გთხოვთ, მოუწოდოთ კონკრეტულ ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ შეგნებული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან, რამაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ისეთი რეიტინგულ მედიაგამოცემის რეპუტაცია, როგორიც "გურია ნიუსია".