ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, გუშინ, ახალშობილების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ლადო კეპულაძე "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებს:
"აღნიშნული ფაქტი გუშინ დაფიქსირდა. ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით მიზეზებს, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ახალშობილების გარდაცვალება თუ მკვდრადშობილება. ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი, ინფორმაცია მიღებული გვაქვს სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე, ეს ბრძანება 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს.
რაც შეეხება ახალშობილების გარდაცვალებას, ამის თაობაზე მივიღეთ ინფორმაცია. შემდეგ გამოვითხოვთ შესაბამის დოკუმენტაციებს, განვიხილავთ ადგილზე, თუ შეიძლება არსებობდეს რაიმე ეჭვი ექიმის შეცდომასა და ხარვეზთან, ან მის პროფესიულ გადაცდომასთან დაკავშირებით, გავივლით სასამართლოს შუამდგომლობას, თუ მოგვცემს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომ დადასტურებული ეჭვი არსებობს, საკითხი შესწავლილი იქნას ხარისხის კუთხით, აუცილებლად შევისწავლით. ამას სჭირდება ექსპერტთა დასკვნები, ეს არის პროცესი, რომელიც არ დასრულდება ერთ დღეში", _ გვითხრა რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ლადო კეპულაძემ.
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები დღეს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში საკითხის შესასწავლად მივლენ.