ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 25 სექტემბერს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სოფელ შემოქმედში, დღეს, შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე იმყოფებოდნენ.
მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს.
დაათვალიერეს სოფელ შემოქმედში ქალაქთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რომლის ნაწილიც მოვარდნილმა მდინარე ბჟუჟმა წაიღო. ამ გზის აღსადგენად სარემონტო და ნაპირსამაგრი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ასევე ნახეს სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟუდან დატბორილი და მწყობრიდან გამოსული ქალაქ ოზურგეთის წყალმომმარაგებელის სათავე ნაგებობაც.
ამის შემდეგ, გურიის გუბერნიაში მინისტრებმა ზარალის შესასწავლად და დასადგენად გურიის სამივე მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ოზურგეთის მერიის წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო თათბირი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ უკვე შეიქმნა საგანგებო შტაბიც.
თათბირს ესწრებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი და გურიის სამართალდამცავი სტრუქტურების პირველი პირები.