არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლებას" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მაღალდაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების ლეგალური ბრუნვის შემცირების შესახებ ისაუბრა. კვლევა ეხებოდა 2013-14 წლების 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდს.
ნიკოლოზ მარალდაძის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლება" "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან" აქტიურად აგრძელებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების ლეგალური ბრუნვის კონტროლსა და ზედამხედველობის ღონისძიებებს, რომელთა არათერაპიული დოზით გამოყენება იწვევს ნარკოტიკულ თრობას.
როგორც ორგანიზაციისთვის კვლევის საფუძველზე გახდა ცნობილი 2013 წელის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე იმპორტირებულია – 23 517 895 ერთეული (2012 წელს 126 მლნ აბი) მზა წამლის ფორმა (2013 წლის განმავლობაში მთლიანად იმპორტირებულია – 28 410 196 ერთეული), ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში – 5 800 224 ერთეული (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებამდე, მიმდინარე წლის 24 იანვრამდე – 970 404, ხოლო 24 იანვრის შემდეგ – 4 829 820).
2014 წლის 24 იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, სპეციალური რეცეპტის (ფორმა N2) გარეშე აფთიაქებიდან გაცემულია 1 905 335 ერთეული ზემოთ მითითებული 6 ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალება.
"სახეზე გვაქვს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის მკვეთრი, 75%-იანი კლება, რაც დადებითი ფაქტია, მაგრამ მიუხედავად კანონში განხორციელებული ცვლილებებისა ავტორიზებული ე.წ ფსიკოტროპული აფთიაქები კვლავ აგრძელებენ უკანონო საქმიანობას და იყენებენ წინა პერიოდში აპრობირებულ სქემას, რომელიც ითვალისწინებს სამჯერ დაჯარიმების შემდეგ ახალი იურიდიული სუბიექტის, შპს-ს რეგისტრაციას, რათა ხელახლა მიეცეთ საქმიანობის საშუალება" – აღნიშნავს ნიკოლოზ მაღალდაძე.
"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" მიმდინარე წლის 15 მარტს საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, კოდეინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტი გადატანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია იწვევს აფთიაქისთვის როგორც იურიდიული, ასევე მათ უკან მდგომი ფიზიკური პირებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ნიკოლოზ მაღალდაძე აღსანიშნავს, რომ "აღნიშნული შეზღუდვა ქმედუნარიანი აღმოჩნდა და "წამლის რეგულირების სააგენტოს" "შინაგან საქმეთა სამინისტროდან" მიწოდებული ინფორმაციისა და ჩვენი აქტიური მონიტორინგის საფუძველზე, 90%-ით შეცირდა ზემოთ მოყვანილი ნივთიერებების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები.
ცვლილებები ასევე განხორციელდა "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N22/ნ ბრძანებაში. კერძოდ, დამტკიცებულ ნუსხას დაემატა 6 ნივთიერების (ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანი, ზოპიკლონი, ზალეპლონი, ტროპიკამიდი) შემცველი სამკურნალო საშუალებები და მათზე დაწესდა ისეთივე კონტროლის რეჟიმი, როგორც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.
"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მონაცემებით 2014 წლის 1 იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად შედგენილია 129 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის, 88 დარღვევა გამოვლინდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევის ფაქტზე.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გათვალისწინებულ იქნა ჩვენი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდებული რეკომენდაცია ფსიქოტროპულ მედიკამენტთა შიდა სახელმწიფოს კვოტის დადგენასთან დაკავშირებით და "სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს" ძალისხმევით უახლოეს მომავალში განისაზღვრება ფსიქოტროპული მედიკამენტების სახელმწიფოსათვის საჭირო რაოდენობა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს სააფთიაქო ნარკომანიასთან არსებულ პრობლემებს" _ განაცხადა ნიკოლოზ მაღალდაძემ
გამომდინარე იქედან, რომ ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების მფლობელები კვლავ აგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს და შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც აფთიაქების მფლობელებს აღარ მისცემს ზემოაღნიშნული სქემის მეშვეობით და მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას.