"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, ბრუცელოზის შემთხვევა დაფიქსირდა.
"სამწუხაროდ ეს ამბავი მართალია, ბრუცელოზით 13 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაავადდა. უკვე იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები. ჩაატარეს სამუშაოები და მოსახლეობას გაუწიეს კონსულტაცია. შემოწმდა 150 სული საქონელი და ახლა მოთხოვნა გვაქვს შემოწმდეს 200 სული საქონელი", _ გვითხრა ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ვაკიჯვარში, როლანდ ხუნდაძემ.
მისივე თქმით, იმ ოჯახებში, სადაცეს დაავადება დაფიქსირდა, ოჯახის წევრებისგანაც აიღეს ანალიზები.
"რამდენიმე ადამიანს დაუფიქსირდა ეს დაავადება, მაგრამ შემდეგ თბილისში გააგზავნეს ანალიზები და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ბრუცელოზის დაავადება არ აჭირდათ არცერთ მათგანს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს", _ გვითხრა ხუნდაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსის, კახა თავბერიძის თქმით, სოფელ ვაკიჯვარში კარანტინი არ არის გამოცხადებული.