განსაკუთრებით დიდი ზარალი დაბას მიადგა _ თითქმის ყველა ქუჩა წყლით იყო სავსე, გოგიბერიძის ქუჩაზე კი რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაიტბორა.
მოსახლეობის თქმით, ეს ყველაფერი სანიაღვრე არხების არარსებობის ბრალია:
_ გაწვიმდება და ეზოში წყალი დგება. სანიაღვრე არხები ხშირად იტბორება, მაგრამ ასეთი მდგომარეობა არ მახსოვს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ნანა რამიშვილი.
_ როდესაც ამ ქუჩაზე ასფალტს აგებდნენ, მაშინვე ვთხოვე, რომ სანიაღვრე არხები კარგად გაეკეთებინათ. "დღეს და ხვალ" არ დაუმთავრდათ. მაშინდელ გამგებელს, თამაზ ჯინჭარაძეს კი ვესაუბრე ამ თემაზე, მაგრამ შედეგს თავადაც ხედავთ, _ დასძინა ვახტანგ ბარამიძემ.
სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ოთარ გერსამიაც, რომლის თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მიუდგეს.
წყალდიდობის შედეგად დაბაში არსებული რამდენიმე მაღაზიაც დაიტბორა.
_ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს. თითქმის ყველა სოფელში დაზიანებულია შიდა გზები, საფეხმავლო და საუბნო ხიდები. რამდენიმე ოჯახის ნაკვეთში მეწყერიც ჩამოწვა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
მეწყერის ჩამოწოლის გამო, 29 სექტემბერს, სოფელ ვანზომლეთში, წითლიძეების ოჯახის ევაკუაციაც გახდა საჭირო.