სიდამონიძის ეს განცხადება რომ რეალობას მოკლებული იყო, მინიმუმ ის ადასტურებდა, რომ ამ განცხადების გაკეთების დროს, ბახმაროში თოვლის საფარი სამ მეტრს აღემატებოდა და შესაბამისად, იქ ასვლა შეუძლებელი იყო.
მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბახმაროს არ სტუმრებია.
“გურულების კურორტმა” კვირას მიხეილ სააკაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ვერა ქობალიას და მაია სიდამონიძეს უმასპინძლა. როგორც შევიტყვეთ, ნიკოლაიშვილის გარდა, ყველა დანარჩენი ბახმაროში პირველად იყო და ეს მათ გაოცებულ სახეებსაც ეტყობოდა.
შეხვედრაზე არ დაუშვეს არასასურველი მედიასაშუალებების ჟურნალისტები; როგორც განგვიმარტეს, ასეთი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნება. ამავე შეხვედრაზე გურიის ადგილობრივი ხელისუფლებაც “თამაშგარე” მდგომარეობაში აღმოჩნდა; ჩვენი წყაროს ცნობით, პრეზიდენტი მხოლოდ გურიის გუბერნატორს, ვალერი ჩიტაიშვილს გაესაუბრა და გურიის ხელისუფლების დანარჩენი წევრებისთვის გამარჯობაც კი არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრების ვიზიტს ჩვენებური ხელისუფალნი შორიახლოდან ადევნებდნენ თვალს.
ჩვენ ვეცადეთ ამ საკითხზე ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების კომენტარები მოგვეპოვებინა, თუმცა უარი გვითხრეს.
პრეზიდენტი და მინისტრები ბახმაროში ვერტმფრენით ჩაფრინდნენ. შესაბამისად, სააკაშვილს თვალიც კი არ გადაუვლია ჩოხატაურისთვის, სადაც ყველაზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა ცხოვრობს.
სააკაშვილი, მისი მმართველობის 8-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩოხატაურს მესამე ჯერ ეწვია, სამივეჯერ ჩქარ ტემპში და ისე, რომ არც მოსახლეობას შეხვედრია და არც აქაური პრობლემებით დაინტერესებულა (ასეთი ინტერესი, სააკაშვილმა მხოლოდ ერთხელ _ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სტუმრობისას გამოთქვა).
2006 წელს, ქვეყნის პირველი პირი, სოფელ ზემოხეთში ვერტმფრენით დაფრინდა და სკოლა გახსნა. მაშინ, “გურია ნიუსმა” პრეზიდენტს სოფელში ავტომანქანით გასეირნება შესთავაზა იმის სანახავად, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია სოფელი, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა ცხოვრობს. შევთავაზეთ ენახა ავარიული გზა, დამეწყრილი სახლები. ისიც, რომ ამ სოფელში მედპუნქტი და მაღაზიაც კი არ იყო გახსნილი. მაშინ სააკაშვილმა იმდროინდელ გუბერნატორს, მიხო სვიმონიშვილს წარბი აუწია და ამ პრობლემების მოგვარება დაავალა, თუმცა ამ ამბიდან მალევე, სვიმონიშვილი, გურიაში სააკაშვილის ვადამდელი არჩევნების წაგების გამო, სახლში გაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ, სააკაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბარი აღარ ისურვა და მომდევნო შეკითხვაზე, თუ რატომ გაუუქმეს პრესას საგადასახადო შეღავათები გვიპასუხა, რომ მეტი შეკითხვები არ იყო საჭირო!
“მეტი შეკითხვები” არც შემდეგ დაგვასმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკრედიტაცია გვქონდა (რომლის ასაღებად არცთუ მცირე პროცედურების გავლა მოგვიწია და რომელშიც საკმაოდ სერიოზული თანხა გადაგვახდევინეს); პირველ საჯარო სკოლაში მყოფ პრეზიდენტთან ახლოსაც კი არ მიგვიშვეს და როგორ გვითხრეს, ჩვენს “არდასწრებაზე” მითითება მაშინ პრეზიდენტის განუყრელი მხლებლის _ მარიკა ვერულაშვილისგან მოდიოდა.
ამჯერად, ბახმაროში პრეზიდენტთან შეხვედრა ერთადერთი მიზნით გვსურდა, გვინდოდა გვეკითხა რატომ ხდება, რომ ყველაზე მეტი კორუფციული დანაშაული სწორედ ჩვენს მხარეშია. საინტერესო იყო პრეზიდენტის პასუხი კითხვაზე _ ტურიზმის განვითარების აუცილებლობის პოლიტიკის გამტარებელი, ამდენ ხანს რატომ არ ეწვია ბახმაროს, რომლის “განვითარების” გამო ასობით ჩოხატაურელმა უკვე დიდი ზარალი ნახა და კიდევ ბევრი ნახავს.
თავისთავად საინტერესო იყო ნაციონალური მედიის სიუჟეტები პრეზიდენტის ბახმაროში ვიზიტთან დაკავშირებით. თუ “იმედს” დავუჯერებთ, ბახმაროში თურმე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. არადა, ყველა გურულმა ძალიან კარგად იცის, რომ ბახმარო ყველაზე განუვითარებელი კურორტია და იქ მშენებლობის მსგავსი არაფერი დაწყებულა. ამასთან, ბახმაროში რამდენიმე დღის წინ 1 მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა და რამდენიმე ოჯახი მაშველების დახმარებით გამოიყვანეს მთიდან. შესაბამისად, დაწყებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, რბილად რომ ვთქვათ სიცრუეა.
პრეზიდენტის თქმით, ბახმარო ზამთრის კურორტად უნდა იქცეს და ბაკურიანს, მესტიას და გუდაურს ტოლი არ უნდა დაუდოს. როგორც ჩანს საქართველოს პირველი პირი ბახმაროს კლიმატური პირობების შესახებ საქმის კურსში არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. საქმე იმაშია, რომ ბახმაროში, ზამთარში თოვლის საფარი ზოგან 10 მეტრსაც კი აღემატება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იქ, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 4 მეტრს აღემატება, ზამთრის კურორტის ფუნქციონირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
საინტერესო იყო ისიც, რომ ოფიციალური განცხადებით, მომავალ სეზონზე, ბახმაროში სპა ცენტრები, სასტუმროები, გასართობი პარკები და, ერთი სიტყვით, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დაგვხვდება. შეიძლება ამ განცხადებით დანარჩენი საქართველო მოტყუვდა, მაგრამ არა გურულები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, რომ რამდენიმე დღეში ბახმაროში მოთოვს, რადგან როგორც გვითხრეს, მეთოვლია ყვავილები, რომლის ამოსვლის შემდეგ, ბახმაროში ყოველთვის თოვლი მოდის და მწყემსები, მას ამინდის მაცნესაც კი ეძახიან, უკვე აყვავდა და მაისამდე იქ ასვლას ვერავინ შეძლებს.
“ბახმარო გამოყოფილია ცალკე სარეგისტრაციო სექტორად და მინიჭებული აქვს კოდი 28.24. ბახმაროს არ ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, იგი არის სეზონური კურორტი და დამსვენებელი იქ მხოლოდ ზაფხულობით მიდის. ბახმაროს არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, აქ არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია და არ მომხდარა მიწების განაწილება. წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკე სახლების მშენებლობას ერთობლივად, ერთობლივ მშენებლობაში იგულისხმება ის რომ, რამდენიმე პირი (2,3,….. 14,15 და ზოგჯერ მეტიც) ერთად აშენებდა სააგარაკე სახლს და მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) მშენებლობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკე სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში. ამჟამად ბახმაროში 1 000-ზე მეტი ასეთი შენობაა აღრიცხული. ამ შენობებიდან მხოლოდ მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე) არის მონაცემები დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში, სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია მიწის მართვიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია, აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკო სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, არ ყოფილა გაცემული შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი (დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ ჩამოთვლილი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ მოიძიეს არქივში.) არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და არ არის გაცემული პრივატიზების ხელშეკრულება. იმის გამო, რომ ბახმაროს არ ჰყავს მუდმივი მაცხოვრებლები და შესაბამისად არ ყოლია არჩეული მმართველობის ორგანო საკრებულოს სახით, შესაბამისად არ შექმნილა მიწის საპრივატიზაციო კომისია. ბახმაროზე არ ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ. ამ კანონის გამოყენება ბახმაროსთან მიმართებაში შეუძლებელია იმის გამოც, რომ მიწის მართვის სამმართველოში დაცული მიწის ბალანსის მიხედვით, ბახმაროს სულ ერიცხება 199 ჰა მიწის ფართობი და იგი ჩათვლილია, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად. ყველა რეგისტრაცია რაც გახორციელებულია ბახმაროს #24 სექტორში 1998 წლიდან დღემდე, მიწა რეგისტრირებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად. ასევე არ მომხდარა სააგარაკო ბინების პრივატიზაცია, ალბათ იმის გამოც რომ, შენობები აგებულია არა სახელმწიფო ხარჯებით, არამედ თანამესაკუთრეთა სახსრებით. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარს ამბობს საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონება განეკუთვნება ბინის კატეგორიას და ბინებზე საკუთრების მოწმობა არ გაიცემა. საქართველოს პრეზიდენტის #73 ბრძანებულებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე უარს ამბობს საკრებულო და განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არა იზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობების მონაწილე მხარეებსა და მათ უფლება-მოვალეობებს.
ბახმაროს სააგარაკო სახლები წარმოადგენს კერძო (ფიზიკური) პირების საკუთრებას და არა სახელმწიფო საკუთრებას. მასზე, როგორც ბინის ერთეულზე საკუთრების მოწმობის გაცემა კანონით არ არის გათვალისწინებული.
საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებენ საჯარო რეესტრში და განუმარტავენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50, 60 და უფრო მეტი წლების წინ (რაც სინამდვილეს წარმოადგენს) და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ამდენად, ამ ქონების რეგისტრაცია, კანონიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს საჯარო რეესტრმა. თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციას, რადგან მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი დოკუმენტები”, _ ეს წერილი საჯარო რეესტრიდან იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გაეგზავნა, თუმცა, როგორც მოვიკვლიეთ, წერილობითი პასუხი ჯერ არ მოსულა. არსებობს სიტყვიერი ნებართვა, რომელიც ზედმიწევნით სრულდება და რომლის თანახმად, ბახმაროში მიწას და ქონებას მხოლოდ იმ პირებს ურეგისტრირებენ, რომლებსაც ქონება აუქციონის წესით აქვთ ნაყიდი. პრეზიდენტის #527 ბრძანება კი მხოლოდ ფურცელზეა გაწერილი. მის შესრულებაზე საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია კატეგორიულ უარს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ამბობს და პრეტენზიების მქონე ადამიანებს სასამართლოში აგზავნის.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ მიზეზით სასამართლოს უკვე მიმართა ერთმა ადამიანმა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იმ ადამიანებს, რომელთა წინაპრებმა ბახმაროში სახლები ათეული წლის წინ ააშენეს, ქონებას წაართმევენ და სავარაუდოდ, დიდი ზარზეიმით, ნაციონალური ტელევიზიებით ამცნობენ მთელ ქვეყანას, რომ ბახმაროში ინვესტორმა (ამის შესახებ “გურია ნიუსი” ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა) სერიოზული ინვესტიციები განახორციელა და არავინ იტყვის რა ხდებოდა ბახმაროს განვითარების კვალდაკვალ.
ნაციონალური მედიის ცნობით, კვირას, სააკაშვილი ბახმაროს განვითარების გეგმას გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ამ გეგმის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. არცერთ უწყებას, მათ შორის არც გურიის სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლებას, ხალხისთვის არ განუმარტავს, რეალურად რას ითვალისწინებს ბახმაროს განვითარების გეგმა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ საკითხზე გურულების მოსაზრება არავის გაუთვალისწინებია.