შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა.
ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.
ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი, საქართველოს სსკ-ის 333ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5დან 8 წლამდე ვადით.
ასევე, მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კერძოდ,მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ.ბუჩუაძის სიკვდილის მიზეზის გასასაზღვრად და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს.