ზაურ ოსეფაიშვილი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა კომისიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შემდეგ ამავე პარტიის პოლიტიკური მდივანი, უფრო შორეულ წარსულში, გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, "რეფორმატორთა კავშირის" წევრი, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს _ რაიონის გამგებლის მოადგილე, "მოქალაქეთა კავშირის" წევრი, "დიდი აბრეშუმის გზის" ჩოხატაურელი ლიდერი (ჩოხატაურში "აბრეშუმის გზის" დამფუძნებელ სხდომაზე ოსეფაიშვილი ამ მოძრაობის ადგილობრივ ლიდერად აირჩიეს თუ დანიშნეს, თუმცა, მალევე მოუსწრო "ვარდების რევოლუციამ").
ზაურ ოსეფაიშვილი ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, "ქართული ოცნების" პარტიული სიის ათეულში მყოფი დავით შარაშიძის თანაშემწეა.
"გურია ნიუსის" 2003 წლის 20 ოქტომბრის #42-ში მასთან დაბეჭდილ ინტერვიუში ვკითხულობთ:
"_ როგორ გესახებათ ხვალინდელი დღე?
_ საქართველოს უზარმაზარი რესურსები აქვს. პროექტები, გაზსადენი, დიდი აბრეშუმის გზა, ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი. ეს ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღე საიმედოა. ქართველი კაცი ნიჭიერებით გამოირჩევა და ეს ნიჭიერება ხალხის სამსახურში ჩამდგარი გამარჯვებაა, ხვალინდელი დღის იმედია, სინათლეა, ფეხზე დადგომაა!
_ ვის აძლევთ ხმას?
_ რა თქმა უნდა, ბლოკს "ახალი საქართველოსათვის" (შევარდნაძის ბლოკი. ავტ). ამ ბლოკში შემავალ პირველ ათეულზე რომ ვიმსჯელოთ მათი დამსახურების მიხედვით, დამეთანხმებით, დიდ პატივისცემას და ნდობას იმსახურებს. მათ შეუძლიათ ქვეყანაში სოციალური ფონის შეცვლა. მაჟორიტარულ არჩევნებში მხარს ვუჭერ ვასილ ჩიგოგიძეს, კაცს, რომელმაც საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა.
_ რაიონში პირველი კაცი რომ იყოთ, რას შეცვლიდით?
_ ლიდერი პოზიცია ძალზედ რთულია. მე, ჯერჯერობით, ვერ ვგრძნობ თავს ამ სიმაღლეზე, ამდენად, არც არაფრის შეცვლას ვაპირებ.
_ გუშინ, დღეს, ხვალ…
_ გუშინ _ ეს საოცარი და ამაღლებული წარსულია, ლამაზი ტრადიციებია, დიდი ტკივილია, რასაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჰქვია (დღე არ არის, მათზე რომ არ ვფიქრობდე, თუმცა, ვერაფერს ვაკეთებთ მათი ოჯახებისთვის, თუ არ ჩავთვლით ყოველთვიურ 35-ლარიან დახმარებას). დიდებული პიროვნებებია, რომლებმაც ჩვენი პატარა ჩოხატაური ასახელეს. საოცარი ადგილია, რასაც გორაბერეჟოულის ტექნიკუმი და წინაპართაგან დატოვებული არაჩვეულებრივი ტყე-პარკი ჰქვია, რომლის მოვლა-პატრონობაში, მისი მოსწავლეების სწავლა-აღზრდაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის.
დღეს _ ორი ბიჭი მყავს, რომელთა წინაშე ანგარიშვალდებული ვარ. მათ შვილები ეყოლებათ და აუცილებლად იკითხავენ _ მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, სად ვიდექი მე და რას ვაკეთებდი. მე მეამაყება, რომ დღეს ისეთ ხალხთან ვმუშაობ, რომლებიც ქვეყნის და რაიონის აღმშენებლობისთვის იბრძვიან. ამიტომაც სწორედ იქ ვდგავარ, სადაც ჯერ არს (?!). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რაიონი პატარაა, უზარმაზარი საქმე კეთდება. ამას დანახვა უნდა. მადლიერების გრძნობა არ უნდა დაკარგო კაცმა."
ამ ინტერვიუდან სულ რამდენიმე დღეში "ვარდების რევოლუციამ", შევარდნაძის ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", რომელსაც ოსეფაიშვილი მხურვალედ უჭერდა მხარს, პოლიტიკას ჩამოაშორა. ბატონმა ზაურმაც უცბად შეცვალა პოლიტიკური ხედვა და სულ მალე "ნაციონალი" გახდა.
თითქმის ანალოგიური შეკითხვები "გურია ნიუსმა" ზაურ ოსეფაიშვილს 2009 წლის 24 სექტემბერს დაუსვა:
_ როგორ გესახებათ ხვალინდელი დღე?
_ ქვეყნის ხვალინდელი დღე ძალიან წარმატებულად მესახება. როცა ვუყურებ ეკონომიკის განვითარებას, მიმაჩნია, რომ ქვეყანა მიდის ძალიან სწორი პოზიციით, სწორი ნაბიჯებით და მომავალი ნამდვილად კარგი იქნება ქვეყანაში.
_ თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა. ვის მისცემს ხმას ზაურ ოსეფაიშვილი?
_ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მის კანდიდატებს.
_ რაიონში პირველი კაცი რომ იყოთ, რას შეცვლიდით?
_ ბევრს არაფერს.
_ და მაინც?
_ როგორც დღევანდელი ხელისუფლება მუშაობს რაიონში, იმ პრინციპით გავაგრძელებდი მუშაობას.
_ თქვით, რომ ბევრს არაფერს. გამოდის, რომ რაღაცას მაინც შეცვლიდით…
_ უფრო მეტად ვიმუშავებდი მოსახლეობის სოციალური დახმარებების გაცემაზე, უფრო მეტს ვიმუშავებდი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დაცვაზე.
_ დღევანდელი ხელისუფლება ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევს?
_ რაც შესაძლებლობა აქვთ, მაქსიმალურს აკეთებენ.
_ და თქვენ საიდან გექნებოდათ უფრო მეტი შესაძლებლობა?
_ მე უფრო მეტს ვიფიქრებდი, მოსახლეობისთვის უფრო ბევრი რომ დამეხარჯა…
_ გუშინ, დღეს და ხვალ…
_ გუშინ _ შესანიშნავად გაქვთ თქვენ გაზეთში დაწერილი, თუ სად ვიყავი, რას ვმოღვაწეობდი და რას ვაკეთებდი. დღეს _ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვარ. ხვალ _ შევეცდები… უამბიციო ადამიანი არ ვარ… ამიტომ, შევეცდები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში…
_ თქვით, რომ გაზეთში შესანიშნავად გვაქვს დაწერილი თქვენი წარსულის შესახებ… იქნებ, უფრო კონკრეტული იყოთ და თავად ისაუბროთ წარსულზე?
_ თავიდან ოქტომბრელი ვიყავი, მერე პიონერი, მერე კომკავშირელი. მერე იყო პარტია. არსად არ ვყოფილვარ ჯაბანი, მეხუთე და მეექვსე კაცი. ყველგან ნორმალურად ვიჭერდი ჩემს პოზიციას. თქვენ რომ წერთ მრავალ პარტიაში, იმაში და ამაში იყოო, ასე მრავალ პარტიაში ნამდვილად არ ვყოფილვარ.
_ რამდენ პარტიაში იყავით?
_ გამსახურდია რომ მოვიდა, მაშინ ყველა იყო "მრგვალ მაგიდაში" გაერთიანებული. ნუ დამიწყებს ჩოხატაურში ვინმე, "მრგვალ მაგიდაში" არ ვიყავიო. ყველა იყო. მერე იყო ასეთი _ "რეფორმატორთა კავშირი", სადაც ნამდვილად ვიყავი და პარლამენტის არჩევნებზე კენჭიც ვიყარე ამ პარტიიდან. მერე "ნაციონალურ მოძრაობაში" ("მოქალაქეთა კავშირი", ბატონო ზაურ?! ნ. გ). რაც შეეხება "დიდი აბრეშუმის გზას", აკაკი ჩხაიძის ნაცნობობა არ ნიშნავს პარტიაში ყოფნას, _ უცებ შეგვაყარა ნაცარი თვალებში ოსეფაიშვილმა.
_ ვის მიეცით ხმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე?
_ "მოქალაქეთა კავშირს".
_ რევოლუციის მერე, მას შემდეგ რაც "მოქალაქეთა კავშირისთვის" ხმის მიცემიდან 5 თვეც კი არ იყო გასული?
_ "ნაციონალურ მოძრაობას". აბა, ვის მივცემდი ხმას?! _ გაიკვირვა ოსეფაიშვილმა, რომლის პოლიტიკური ცხოვრების პრინციპი ასეთია: "თუ ხარ პარტიაში, უნდა უერთგულო კიდეც ამ პარტიას" (?!!!!). რასაკვირველია, მანამდე, სანამ ეს პარტია ხელისუფლებაშია, რადგან ოსეფაიშვილი ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო ჩოხატაურში, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, თუმცა "ნაციონალებში" ყოფნის დროს, მისთვის არასასურველი ჟურნალისტების ლანძღვა-გინებაშიც არ ჩამორჩენია კოლეგებს.
კოჰაბიტაციის ორწლიან პერიოდში ბატონი ზაური თავს მშვენივრად გრძნობდა. ბიუროს სხდომაზე საფერფლით და სიგარეტით დადიოდა და შიგადაშიგ საკრებულოში დარჩენილ ოთხ "ნაციონალსაც" ედებატებოდა.
მას შემდეგ, რაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, კახი კალაძემ კატეგორიულად გამორიცხა საკრებულოებში "ოცნების" კვოტით ყოფილი "ნაციონალების" გამოჩენა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს დროებითი იყო. საკრებულოს წევრი არა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობა მარტივად დაიკავა.
დავით შარაშიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მთელი საკრებულო "ნაციონალებითაა" სავსე:
_ ბატონო დავით, რატომ შეარჩიეთ თქვენს თანაშემწედ ზაურ ოსეფაიშვილი, რომელიც სულ უმოკლეს კარიერულ წარსულს თუ გავიხსენებთ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი იყო…
_ თქვენ, გინდ საკრებულოში და გინდ გამგეობაში "ნაციონალები" გიკვირთ?
_ ეს არ გვიკვირს, მაგრამ თქვენგან, ადამიანისგან, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობს" აკრიტიკებდა, ნამდვილად გასაკვირია…
_ ზაური არის პროფესიონალი, რომელმაც მისი საქმე იცოდა თავიდან ბოლომდე. მე მის კომისიაში ვიყავი წინა 4 წელი. აბსოლუტურად ვიყავი საქმის კურსში მისი პროფესიონალიზმის შესახებ, რამდენად შეეძლო მას დამხარება გაეწია და პროგრამების შედგენაზე როგორ იმუშავებდა. ავიყვანეთ იმიტომ, რომ კარგად შეასრულებდა მის საქმეს. ეს ერთი და მეორე _ ახლა არ ვსაუბრობ იმ თემაზე, ვინ იყო ზაურ ოსეფაიშვილი 4 წლის უკან _ მაშინ, როცა საკრებულოში შემომავალი კოალიციის პარტიის წევრები არ მიჭერდნენ მხარს რაღაც-რაღაც საკითხებში, ზაური მიჭერდა. რა იყო, პირველად გაიგეთ?!
_ ზაურ ოსეფაიშვილი ვინ იყო, ვიცით… ეს ამბები "გურია ნიუსის" არქივშიცაა…
_ ჰო, ის მიჭერდა მხარს საკითხების გატანაში, მომზადებაში.
_ თქვით, რომ საკრებულოში ბევრი "ნაციონალია"… არ დააკონკრეტებთ?
_ უამრავი. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და რომ გდომოდათ, ამდენი ხანი ყველას "სმირნაზე" დააყენებდით. მე ვერ ვნახე თქვენგან ვინმეს მიმართ დასმული შეკითხვა.
_ ჩვენ შეკითხვებს ყოველთვის ვსვამთ და როგორც ჩანს, თქვენ არ კითხულობთ… რაც შეეხება "სმირნაზე" დაყენებას, ეს ჩვენი უფლება-მოვალეობა არ არის…
_ ეს ტერმინია და უკაცრავად ამ ტერმინის ხმარებისთვის, მაგრამ თქვენ არ ინტერესდებით, არც ადრე ინტერესდებოდით რაღაც-რაღაცეებით(?!), რომლებსაც მე ვაყენებდი, _ ამბობს შარაშიძე, რომელსაც, როგორც ჩანს, ბევრი არ ახსოვს ან არ უნდა, რომ ახსოვდეს. მათ შორის "გურია ნიუსის" მიერ საკრებულოს სხდომაზე დასმული უამრავი პრობლემატური საკითხი, ააიპ-ებში გაბერილი შტატები, საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" დღემდე გაუგებარი ხარჯები და ერთ ფეხბურთელზე, ერთ ჭამაზე გაწერილი ერთი ქათამი, რომელსაც ფაქტურის მიხედვით, პური, "სნიკერსი", კვერცხი და "კალბასი" მოყვებოდა… ასეთი საკითხების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და თუ ვინმეს მეტი კონკრეტიკა სჭირდება, "გურია ნიუსის" არქივის გადახედვას ვურჩევთ.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძესაც თანაშემწედ ყოფილი "ნაციონალი" ჰყავს _ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ უნგიაძე, რომელსაც ოსეფაიშვილისგან განსხვავებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე პარტია არ დაუტოვებია.
უნგიაძის გვარი ე. წ. "დასაქმების საქმეში" ფიგურირებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წინასაარჩევნოდ დასაქმებული პირების გამო, უნგიაძე დაკითხვაზეც იყო დაბარებული.
წყაროს თქმით, უნგიაძის ჩვენებაში, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამაღლება-შუა ამაღლება-სამების ხაზს კურირებდა, აღნიშნულია, რომ "დასაქმებულ" ადამიანებს შეხვედრებზე ხვდებოდა და მათ გამზადებულ სიებს საარჩევნო შტაბი აწვდიდა.
ამ საქმეზე ჩოხატაურში 200-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა, რომელთა ჩვენებები იდენტური იყო. "გურია ნიუსთან" საუბრისას მათი უმრავლესობა ამბობდა, რომ ხელფასის სანაცვლოდ, რომელიც 240 ლარს შეადგენდა, მხოლოდ "ხუთიანის" შემოხაზვა ევალებოდათ არჩევნებზე.
მიხეილ უნგიაძის პოლიტიკური კარიერა 2005 წელს იწყება. ამ პერიოდში იგი ჩოხატაურის გამგებლის თანაშემწედ დანიშნეს; 2008 წლამდე იყო ნაციონალური მოძრაობის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველად 2006 წელს აირჩიეს და ზედიზედ ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო.
ზაალ მამალაძის თქმით, მას უნგიაძის სამუშაო გამოცდილება საქმისთვის სჭირდებოდა:
_ მიხეილ უნგიაძე კვალიფიციური კადრია. მან ძალიან კარგად იცის ის კანონმდებლობა, რომლითაც წინა მოწვევის საკრებულო მუშაობდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახალი კანონმდებლობით დავიწყეთ მუშაობა და უნგიაძე ბევრი რამის გარკვევაში დამეხმარა. მინდა განვმარტო, რომ იგი ჩემი თანაშემწეა და არა მრჩეველი, როგორც ხშირად ამბობენ. ასევე, ის ხელშეკრულებით აყვანილი პირია. მუშაობის ვადა გასდის ოქტომბერში და იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო სამსახურში მუშაობის გაგრძელება სურს, სხვების მსგავსად, კონკურსის გავლა მოუწევს, _ ამბობს მამალაძე.
უნდა ითქვას ისიც, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლისთავზე ერთ-ერთ შეუსრულებელ დაპირებად და ცუდ მუშაობად სწორედ "ნაციონალებთან" კოჰაბიტაციას უთვლიან.
ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ რაიონში ბევრი არაფერი შეცვლილა და უმრავლეს თანამდებობაზე სწორედ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც 2012 წლამდე დევნიდნენ, აშანტაჟებდნენ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ.
_ გამგეობას შეხედეთ, რა არის შეცვლილი? "ნაციონალების" პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი გამგებელი გია გიორგაძე დღესაც თანამდებობაზეა, ზურაბ ჩანტლაძე, ბაჩი გოგიბერიძე, ლევანი ჩხიკვაძე, ქეთევან გიორგაძე _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. რატომღაც მათი შემცვლელები ვერავინ იპოვნა. ე. წ. რიგითი სპეციალისტები, საარჩევნოდ რომ სახლებში გვივარდებოდნენ, "ნაციონალებს" მიეცით ხმა, თორემ კარგი არაფერი დაგემართებათო, ისევ იქ არიან! ხელისუფლება ერთეულებისთვის შეუცვალა _ ხალხს ეს არ დატყობია. არც სამუშაო ადგილებია, არც დაპირებული მომატებული პენსია. ამ ხნის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი პროექტიც კი არ გაუკეთებიათ, ისიც ვერ მოახერხეს, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდნენ! _ ასეთი განწყობა აქვთ ჩოხატაურელებს ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის თავზე.
ადგილობრივი ხელისუფლება კი ამბობს, რომ კადრების პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი გადაწყვეტს, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა, კონკურსის გავლის ვალდებულება მხოლოდ სპეციალისტებს აქვთ და ის არც სამსახურის უფროსებს ეხება და არც ყბადაღებულ ააიპ-ებს, სადაც შტატები ისეა გაბერილი, რომ ზოგან თანამშრომლის ვინაობაც და ვალდებულებაც კი ავიწყდებათ.
ჩვენ თემას ისევ გავაგრძელებთ და მკითხველს მოვუთხრობთ, რატომ სხედან მაღალ თანამდებობებზე ჩინოვნიკები, რომლებიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აშკარად იბრძოდნენ "ქართული ოცნების" კანდიდატების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს, ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს _ არიგებდნენ ფულს, აშინებდნენ ამომრჩეველს, იპარავდნენ საარჩევნო ბიულეტენებს და აწყობდნენ "სომხურ კარუსელს; რატომ მოქმედებს შერჩევითი სამართალი _ რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან სხვა ბანაკში მყოფ ზოგ ჩინოვნიკს, ზოგს კი _ არა!
ზაურ ოსეფაიშვილი "დიდი აბრეშუმის გზის" დაფუძნებაზე გურიაში
ზაურ ოსეფაიშვილს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ
სჯეროდა, რომ ქვეყანას შევარდნაძის კოალიცია გადაარჩენდა
"ნაციონალების" მმართველობის დროს კი ზაურ ოსეფაიშვილს
უკვე სააკაშვილი და მისი გუნდი მიაჩნდა ქვეყნის მხსნელად
ასე შეხვდა ზაურ ოსეფაიშვილი "ნაციონალი" ალქსანდრე ცინცაძის
გუბერნატორად დანიშვნას
ამჟამად ზაურ ოსეფაიშვილი "ქართული ოცნების"
ჩოხატაურელი ლიდერის დავით შარაშიძის თანაშემწეა
მიხეილ უნგიაძე (მარჯვნივ) ჩოხატაურში
ერთ-ერთი პირველი "ნაციონალი" იყო…
…და "ნაციონალების" მმართველობის ბოლომდე
ჩოხატაურის ხელისუფლებას წარმოადგენდა/