ორი დღის წინ, მოსკოვში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივმა აზრმა", ქვეყნის მოქალაქეებს შორის მორიგი გამოკითხვა მოაწყო.
რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს პასუხი ერთ კითხვაზე უნდა გაეცათ – "ვინ არის ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი?".
ყველასთვის მოულოდნელად, ინტერაქტივში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 36 პროცენტი დააგროვა.
ეს შედეგი რუსი პოლიტიკური მიმომხილველებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიიჩნეოდა, რომ უკრაინასთან გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, პუტინის რეიტინგი ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაეცა. რეალობა საპირისპირო გამოდგა. აღმოჩნდა, რომ მის საგარეო კურსს, რუსების დიდი ნაწილი კვლავინდებურად ეთანხმება და ბრმად იზიარებს.
სამწუხაროდ მათ რიცხვში მოსკოვში მოღვაწე არაერთი ქართველიც იმყოფება. მაგალითად, პოპულარული ტელეწამყვანი თინა კანდელაკი. ის ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერია და მის ყოველ ნაბიჯს დაუფიქრებლად მხარს უჭერს. უფრო მეტიც, თავის დროზე რუსული ოპოზიციის მიერ მოსკოვში ჩატარებულ რამდენიმე მიტინგზეც გამოჩნდა და ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი აქტიურად დაიცვა.
პუტინი პირველია, მეორე საპატიო ადგილი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაიკავა, რომელსაც ხმა, გამოკითხულთა 5-მა პროცენტმა მისცა.
მესამე რუსეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი სერგეი შოიგუ აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ შოიგუ ყოფილი ჟურნალისტია და ახალგაზრდობაში ტუვურ ენაზე გამომავალი იქაური გაზეთ "შინის" მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
რუსეთში მოღვაწე პოპულარული პოლიტიკური მოღვაწეების რეიტინგის მომდევნო საფეხურები პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, „კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა და ცნობილმა კინორეჟსორმა, ვლადიმერ პუტინის იდეების აქტიურმა მომხრემ, ნიკიტა მიხალკოვმა დაიკავეს.
საინტერესოა, რომ ათეულში აღმოჩნდნენ ოდიოზური პოლიტიკური მოღვაწე, ვლადიმერ ჟირინოვსკი და ჩეჩნეთის პირველი პირი რამზან კადიროვი.
წყარო: http://www.eg.ru/daily/politics/44126/