მეტყევის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მეტყევეები დააჯილდოვა.
პირებს, რომელთაც სატყეო სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სიგელები პირადად გადასცა. დამსახურებელ მეტყევეებთან ერთად, დღეს ახალგაზრდა მეტყევეებიც დაჯილდოვდნენ. ღონისძიების მიზანი დარგის პოპულარიზაცია, თანამშრომლების წახალისება, მეტყევეთა პროფესიული ზრდა და ახალი კადრების მომზადების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ბოლო წლებში სატყეო სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და მიმდინარეობს ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავება. კონცეფციის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას.