მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე შევიდა პროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის პირები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.
პროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურის უფროსის ხელფასი 1850 ლარი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ ხელფასების მატება გათვალისწინებულია საკრებულოს აპარატისთვისაც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ საჯარო მოხელეს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. თუმცა, კითხვაზე, რითი გამოირჩევა ოზურგეთელი საჯარო მოხელე ჩოხატაურელისგან ან ლანჩხუთელისგან (ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სამსახურის უფროსის ხელფასი 1000 ლარს შეადგენს), ჭანუყვაძეს კონკრეტული პასუხი არა აქვს.
"სანამ საკრებულო ამ პროექტს მიიღებს, მანამდე მოგვისწრებს პრემიერის განკარგულება ხელფასის ზედა ზღვარის შესახებ, რაც ყველაფერს დაალაგებს. ეს ჯერ პროექტია და გადაწყვეტილი არაფერია", _ ამბობს ჭანუყვაძე, რომლის განმარტებით აღნიშნული პროექტი საკრებულოს და გამგეობის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
_ ბატონო მერაბ, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ბევრს შია, ბევრს სცივა, უამრავს სახლი აქვს დანგრეული და ა.შ. ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ სამსახურის უფროსს 1850 ლარი უნდა ჰქონდეს თვიური ანაზღაურება?
_ სამსახურის უფროსები ძალიან ბევრს მუშაობენ. არ იღებენ არანაირ დანამატს და მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი.
"გურია ნიუსი" ამ თემაზე ვრცელ მასალას ორშაბათს შემოგთავაზებ.