ორი დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ „USA Today” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცოტა ხნის წინ, პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა, 56 წლის შერონ სტოუნმა დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო.
რამდენიმე წლის წინ თბილისში ნამყოფ კინოვარსკვლავს ალბათ ერთი ანდაზა დაავიწყდა – „დუმილი ოქროა”.
წინა კვირას მიხეილ სააკაშვილის „ერთგულმა დაქალმა“ ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობ მერილ სტრიპს გაჰკრა კბილი.
„მერილი აულაგებელ საწოლს ჰგავს!” – ასე დაახასიათა სტოუნმა 64 წლის კოლეგის გარეგნობა.
მეორე დღეს აღმოაჩინა რომ ცოტა არ იყოს ზედმეტი მოუვიდა და არასასიამოვნო მდგომარეობას თავი „ღირსეულად” დააღწია.
„მინდოდა მეთქვა, რომ მერილი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. ამიტომაც არის, რომ ქალებს ადვილად შეუძლიათ მასთან გატოლება და მით უფრო, მისი მიბაძვა. სტრიპი ყველას ძალიან უყვარს და პატივს სცემს, რაღა თქმა უნდა მეც. სულაც არ მინდოდა მისი წყენინება, პირიქით, ვცდილობდი საკადრისი კომპლიმენტი მიმეძღვნა!” – განაცხადა მსახიობმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, მერილ სტრიპი ამ განცხადებამ სავსებით დააკმაყოფილა, შერონ სტოუნს ენაზე კბილის დაჭერა მაინც მართებდა. „აულაგებელი საწოლით“ მოხსენიება არავის ესიამოვნება და ამ წყენას რამდენიმე ბოდიშის მოხდით ნამდვილად არ ეშველება.