დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს კახა ბაბუნაშვილს ბრალი წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ კახა ბაბუნაშვილმა გამოიჩნა სამსახურებრივი გულგრილობა და შპს "ბილდერ ჯგუფს", რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სორმონი-მოწამეთას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, სამუშაოების არასრულად და ვადის დარღვევით შესრულების მიუხედავად, არ შეუწყვიტა გაფორმებული ხელშეკრულება და არ მიმართა სადაზღვეო კომპანია „არდი ჯგუფს" საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა ზიანი 63 000 (სამოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით.
კახა ბაბუნაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. უმოკლეს ვადაში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება შპს "ბილდერ ჯგუფის" ხელმძღვანელთა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ.