ნიგვზიანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ტაბიძე, რომელიც ამავდროულად საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობს, ბიუროს სხდომაზე იმ ნიგვზიანელთა ოჯახების ბედით დაინტერესდა, რომლებსაც ძლიერი წვიმების შედეგად მთლიანად დაეტბორათ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც იქვე ახლო მდებარე რკინიგზის ხიდი ამოივსო და მოვარდნილ წყალს ფაქტობრივად, ვერ ატარებს. სხვათა შორის, ანალოგიური და გაცილებით მასშტაბური პრობლემა ნიგოითის თემშიც არსებობს. კერძოდ, სოფელ ჭყონაგორაში რამდენიმე ოჯახი უკვე წლებია შიშით ხვდება ყოველ გაწვიმებას. აქ დტბორვის მიზეზი ისაა, რომ სანიაღვრე არხები მოსახლეობის საცხოვრებელ და საყანე ფართობებზე გადის და ვერ ხერხდება მათი გაწმენდა. შემდგომში კი ყველა ეს მოვარდნილი წყალი სოფელ ჩოლობარგის საზღვართან არსებულ რკინიგზის ხიდთან გროვდება, რომელიც ვერ ატარებს წყალს. ამას ისიც ემატება, რომ ამ ადგილზე რკინიგზის ლიანდაგი იმდენად დაბალზე გადის, არსებულ ხიდს წყლის გამტარუნარიანობა ფაქტობრივად არ გააჩნია.
საქართველოს რკინიგზა აღნიშნული პრობლემების შესახებ ბევრჯერ ყოფილა ინფორმირებული, მაგრამ არც თავად აკეთებს რეაგირებას და არც რკინიგზის გასხვისების ზოლში აძლევს უფლებას ვინმეს შესაბამისი სამუშაოები ჩაატაროს.
საკრებულოს დეპუტატებმა დასვეს საკითხი, მომზადდეს წერილი რკინიგზის დეპარტამენტის სახელზე, რომელშიც ყველა ის პრობლემა იქნება მოყვანილი, რაც დღესდღეობით მუნიციპალიტეტს რკინიგზის გასხვისების ზოლთან მიმართებაში აწუხებს.