დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, ჯამ-ჭურჭლის ხმაური იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, აქცია-პერფომანსი გამართეს.
ისინი, ბოლო პერიოდში, საქართველოში ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებდნენ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას, გამოფხიზლებისკენ მოუწოდეს.
რატომ გადაწყდა მთავრობის კანცელარიასთან ჯამ-ჭურჭელის ხმაურიანი აქციის ჩატარება, ამასთან დაკავშირებით "მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი „გურია ნიუსთან“ ამბობს:
"ამ პროცესში პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. თუმცა, მთავრობის პასუხისმგებლობა უფრო დიდია, ვიდრე საზოგადოების სხვა ინსტიტუტებისა. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო პირები თავის გამოსვლებში იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილები. ის ბოლო განცხადებები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და სხვა პოლიტიკოსების მხრიდან, ნამდვილად არ უწყობს ხელს ძალადობის დაძლევას. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ადეკვატურად რეაგირებდეს ამ ტიპის დანაშაულზე მოაგვაროს ის პრობლემა, რომელიც დანაშაულის აღქმას უკავშირდება.
სამართალდამცავებში არსებობს ოჯახური დავების დანაშაულად აღქმის პრობლემა, რაც საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის ძალადობას ახალისებს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების მოკავშირე იქნება ამ პრობლემის დაძლევაში. მაგრამ, ხელისუფლებამაც უნდა გამოავლინოს ნება იმისთვის, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა არ ხდებოდეს.
დღევანდელი ხმაური იყო მოწოდება რათა საზოგადოება არ იყოს გულგრილი ქალათა მიმართ ძალადობისა. პირველ რიგში, როდესაც ეს პრობლემა არსებობს, ხელისუფლება არ უნდა იყოს უნდა იყოს სირაქლემას პოზიციაში", _ განაცხადა კინწურაშვილმა.