აბიტურიენტებს მომავალი წლიდან შესაძლოა კიდევ ერთი დამატებითი საგნის – სამოქალაქო განათლების ჩაბარება მოუწიოთ.
თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა და ინიციატივის დონეზე არსებობს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა მიიღონ. ანუ, სურთ თუ არა მათ, რომ კონკრეტულ ფაკულტეტზე, გამოცდებზე, არჩევითი საგნების ნუსხაში შეიტანონ სამოქალაქო განათლებაც.
როგორც მიმინოშვილი განმარტავს, ინიციატივას საფუძვლად ედო ახალგაზრდებისთვის დემოკრატიული პრინციპების თავიდანვე შესწავლა და გააზრება.
"ეს გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა. საბოლოო გადაწყვეტილება უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა მიიღონ, სურთ თუ არა, რომ კონკრეტულ ფაკულტეტზე, გამოცდებზე, სამოქალაქო განათლება არჩევით საგნად შეიტანონ.
მოგეხსენებათ, სამოქალაქო განათლება სავალდებულო საგანია სკოლაში, მე-9 მე-10 კლასებში. ხოლო, მე-11, მე-12 კლასებში ის არჩევითია.
რატომ დადგა დღის წესრიგში სამოქალაქო განათლების მისაღები გამოცდების ნუსხაში შეტანა? ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბება, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული საზოგადოების შენების პროცესში", _ ამბობს მიმინოშვილი.