"შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ისეთი საკითხები, რომლებზეც, პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობა და პარლამენტი ერთსულოვანი ვართ და ასეც ვიქნებით. ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და დღევანდელი დღე ამის დემონსტრირებაა. ჩვენს შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით ",_ ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
უშიშროების საბჭოზე განხილულ თემებზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმსჯელეს, თუ როგორ უპასუხოს საქართველომ იმ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთთან დასადებ ახალ ხელშეკრულებასთან მიმართებაში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გაანალიზდა ვითარება, შესაძლო საფრთხეები და საუბარი შეეხო ნაბიჯებს, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამენ მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის განხილვის მთავარი თემა რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების შესაძლო გაფორმება იყო.