დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკის განახლების პროცესში, რომლის ფარგლებშიც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონულ ცენტრებს 24 ახალი მანქანა გადაეცათ.
აღნიშნულისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი გამოიყო.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, კიდევ 180 მანქანა გადაეცემათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს და ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.
ღონისძიება დღის 2 საათზე იყო. თუმცა, ზოგიერთ ჟურნალისტს და მათ შორის "გურია ნიუსის" წარმომადგენელსაც, ღონისძიებაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.
მიუხედავად იმისა, რომ ანონსის მიხედვით, პრემიერის სამინისტროში ვიზიტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემის პროცესი 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, ჩვენი გამოცემის ჟურნალისტი, 15 წუთით ადრე იყო მისული, თუმცა იგი პრემიერის დაცვამ არ გაატარა. ასევე, სხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი კიდევ 1 ჟურნალისტი, 1 ფოტოგრაფი და 1 ოპერატორი.
ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მათ მხოლოდ მას შემდეგ მიეცათ, რაც პრემიერი წავიდა.
"გურია ნიუსის" ჟურნალისტმა სიტუაციაში გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, თამარ ბოდოკიას მიმართა და უსაყვედურა, რის შემდეგაც მან უპასუხა: "პრემიერის ღონისძიებაზე დროულად უნდა მოხვიდე, რა პრეტენზიები გაქვს… შენს რედაქტორს დავურეკავ და ნახავ მერე…"
აღსანიშნავია, რომ გამოცემის ჟურნალისტი ადგილზე მისვლისა და დაბრკოლების შექმნის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა მან პრობლემის მოგვარება უმოკლეს დროში ვერ მოახერხა.