ზუგდიდში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე გაიმართა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ლიდერი ქალები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თემის განვითარებასა და წინსვლაში.
ასევე, გამოვლინდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საუკეთესო მცირე საგრანტო პროექტი და საჯარო მოხელე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქალთა საკითხების ლობირებასა და პრობლემების გადაწყვეტაში.
"მადლობა გაეროს ქალთა ფონდს და ყველას, ვინც თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამს ქალების გასაძლიერებად. ქალის გაძლიერება ქვეყნის გაძლიერებას იწვევს. ყველა ქალს მინდა ვუსურვო, არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებს, ყოლოდეს ხელისუფლება, რომელიც სათანადოდ დააფასებს მათ ღვაწლს და ყოველდღიურ რეჟიმში ეტყვის მათ მადლობას. საოცარი ისტორიები და ბიოგრაფიები მოვისმინე. ბედნიერი ვარ ამ ადამიანების გაცნობა რომ მოვახერხე", _ თქვა მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ.
ღონისძიებაზე საუკეთესო მცირე საგრანტო პროექტის განხორციელებისათვის დაჯილდოვდნენ ქალბატონები: ირუზა კაკავა, მაია ფიფია, ციცინო ბიბლაია, ნინო ყორშია.
ნომინაციაში – საუკეთესო საჯარო მოხელე მუნიციპალიტეტში ქალთა საკითხების მხარდაჭერისთვის, დაჯილდოვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი, გოგი რევია
ღონისძიების ორგანიზატორები გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მისი პარტინიორი – ფონდი ტასო იყვნენ და ის პროექტ "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში გაიმართა.