ივანიშვილის “რესპუბლიკელებთან” ალიანსის გამო, ლანჩხუთში ვარაუდობენ, რომ ახალი გაერთიანების ხელმძღვანელობას პოლიტიკაში ყველაზე გამოცდილ კადრს, ლანჩხუთელ “რესპუბლიკელთა” ლიდერს, რომან ბიწაძეს ჩააბარებენ. მაჟორიტარობის კანდიდატად კი მიიჩნევენ, რომ ქალაქის ექს-გამგებლის სოსო ბოლქვაძის კანდიდატურა იქნება საუკეთესო. იგი ივანიშვილის კუთვნილ ერთ-ერთ კომპანიაში წლებია მუშაობს და ლანჩხუთის საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობს. მისი დეპუტატობის კანდიდატად დაყენებას ოპოზიცია წინა საპარლამენტო არჩევნებზეც გეგმავდა. თავის დროზე ბოლქვაძემ ქალაქში არჩევნები მოიგო და გამგებელი გახდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში მისი მოადგილე და მარჯვენა ხელი სწორედ რომან ბიწაძე იყო.
ჩვენ ლანჩხუთელ “რესპუბლიკელთა” თავკაცს, რომან ბიწაძეს ვესაუბრეთ:
_ ბატონო რომან, რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასა და “რესპუბლიკელებთან” თანამშრომლობაზე?
_ ბატონი ბიძინა ყოველთვის იყო პოლიტიკაში, რადგან ადამიანი, რომელსაც დიდი ფული აქვს და ჩართულია ქვეყნის ცხოვრებაში, ის არის პოლიტიკაში. უბრალოდ, მისი ღია გამოჩენა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ მიიყვანა საქმე აქამდე _ მან, ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვა ოპოზიცია, სხვადასხვანაირი მეთოდებით განაიარაღა იგი და ამ დროს დადგა საჭიროება, ეს ნიშა ვიღაცას დაეკავებინა. რაც შეეხება “რესპუბლიკელებთან” მის თანამშრომლობას, ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ ვართ პროდასავლური ორიენტაციის პარტია და სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილი პრორუსული ძალაა. მისი განცხადება არის მეტად ყურადსაღები და სამართლიანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის მიმართ იყო გამოთქმული მკვახე განცხადებები, რაც მთლიანობაში იყო სამართლიანი.
_ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელმძღვანელი ლანჩხუთში თქვენ იქნებით, დასახელდა მაჟორიტარობის კანდიდატიც _ ქალაქის ექს-თავკაცი სოსო ბოლქვაძე, რომელიც წლებია, ბიზნესმენის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.
_ ჯერ ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით, რადგან ამაზე საუბარი არ ყოფილა.
_ ასეთ ვარაუდს უშვებთ?
_ გამორიცხული არაფერია!