საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების უფლების გამოყენებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ასე არ მოიქცეოდა:
_ როდესაც საუბარია უშიშროების საბჭოს სხდომაზე და მსგავსი ტიპის ფორმატებზე ყოველთვის მზად ვარ მასში მონაწილეობა მივიღო. ასევე მზად უნდა იყოს პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსულტაციებს გადიოდეს მთავრობასთან, პარლამენტთან. მაგალითად, ის რაც იყო დღეს – მე ასე არ მოვიქცეოდი. ძალიან მარტივი იყო პარლამენტისთვის შეთავაზება, რომ ხომ არ ჯობია ვადის დეკემბრამდე გადაწევა. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას გაიზიარებდა და თუ არ გაიზიარებდა, მაშინ დაუსაბუთებდა. პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირი წვდომა და კომუნიკაცია პარლამენტის წარმომადგენლობასთან. ვგულისხმობ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან მოსმენებთან დაკავშირებული პროექტის შემუშავებაში. ამ თემაზე მას არც ჩვენთან ჰქონია კონსულტაცია. აქ მიდგომებზეა საუბარი. ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს. მე შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. მე არ ვერევი და არც ჩავერევი არასდროს, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას.
მისივე თქმით, ვეტოს დაძლევა ნებისმიერ დროს შეუძლიათ:
_ გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედებამდე დარჩენილი იყო სულ რაღაც რამდენიმე საათი, არ შეიძლებოდა რისკის აღება და ვაკუუმის შექმნა. გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ეს ამ შემთხვევაში ეს გაუმართლებელი იყო, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.