ქალაქ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში მასწავლებელთა პროფესიული დღისადმი კონცერტი გაიმართა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი საზოგადოების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგ მან სცენაზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური მიიწვია, რომელმაც წარჩინებულ მეათე კლასის მოსწავლეებს ნოუთბუქი გადასცა საჩუქრად.
_ ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული პედაგოგის ცხოვრებაში, ეს ეხება ყველას ვინც მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში. დაიწყო მასწავლებლების აღიარება. პროფესიის დაფასება. დღეს ასევე წარჩინებულ მოსწავლეებს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა კომპიუტერი საჩუქრად იმიტომ, რომ მოსწავლეს, რომელიც სამი წლის განმავლობაში არ მიუღია ათიანზე დაბალი ქულა უნდა იყოს დაფასებული. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ პროგრამით მთელ საქართველოში 12 წარჩინებული მოსწავლე ერთ სკოლაში არ დაჯილდოვებულა და ეს მართლაც, რომ სასიხარულო ამბავია. _ თქვა ლია გიგაურმა.
ლელა იმედაშვილის თქმით, ეს ღონისძიება ტრადიციულ სახეს იძენს და ყოველთვის სპეციალირად ემზადებიან ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
_ ოქტომბრის თვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დატვირთული იყო მასწავლებლის პროფესიული დღის აღნიშვნით. დღეს არის ერთგვარი შეჯამება და ანგარიში თუ რა კეთდება ყოველ წელს ოზურგეთში განათლების კუთხით, _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სცენაზე ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პედაგოგები მუსიკალური ნომრებით გამოვიდნენ. ვაკიჯვრის პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად უცხოელი, მოხალისე პედაგოგი გამოვიდა, რომელმაც გურული სიმღერები შეასრულა (სიმღერის ნახვა “გურია ნიუსის“ ვიდეო გალერეაში შეგიძლიათ ნახოთ.
ღონისძიება ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზატორობით გაიმართა.