„გურია ნიუსის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია , რომ სამხარეო ადმინისტრაციისთვის ცალკე შენობა აშენდება განხილვის თემა გახდა. მხარის პირველი პირის თქმით ახალი შენობა კოსტავას ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ოზურგეთელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარკი გუბერნიის შენობაზე მნიშვნელოვანია. ამ თემაზე ჩვენმა კორესპონდენტებმა _ გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა გამოკითხვა ჩაატარეს.
ახალი შენობის დადგმა კულტურისა და დასვენების პარკში არასწორად მიაჩნიათ არქიტექტორებსაც.
ის, რომ ორად გაყოფილ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სამუშაოდ ფართი არ ყოფნის საკამათო არავისთვისაა. ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე ამის შესახებ არჩევიდან მალევე აკეთებდა განცხადებებს და ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო სასტუმრო „გურიის“ ყოფილ შენობაში მისი უწყება განთავსებულიყო. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა და ახალი შენობის აშენება გუბერნიამ გადაწყვიტა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ასევე მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობა რთულ პირობებში უწვეთ.
ამ ეტაპზე არავინ აკონკრეტებს ვის უფრო სჭირდება ცალკე ფართი _ მერიას, მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს თუ გუბერნიას, რომელსაც ყველაზე ცოტა თანამშრომელი ჰყავს.
არცერთ უწყებაში არ ამბობენ მოიძიეს თუ არა ალტერნატიული ფართი. მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ქალაქში თავისუფალი შენობა არ არსებობს. არადა, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამხარეო პოლიციის ყოფილი შენობა ამ დრომდე თავისუფალია. სამ სართულიან შენობას მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი სჭირდება და მასში თავისუფლადაა შესაძლებელი რომელიმე უწყების განთავსება.
როგორც ამბობენ ეს ფართი სიშორის გამო იქნა დაწუნებული. თუმცა, მას ქალაქის ცენტრს სულ რაღაც ორი კილომეტრი აშორებს.