ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში რამდენიმე ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი. დაზიანებულია სოფლის ცენტრალური გზა და რამდენიმე ოჯახის კარმიდამო.
სტიქიის მაშტაბიდან გამომდინარე რამდენიმე ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო:
_ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ჩამოწოლილი მეწყერი ხუთ ოჯახს უქმნის საფრთხეს. ამ წუთისთვის მთავარია, რომ ადამიანები საფრთხეს ავაცილოთ და ამიტომ , მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ოჯახების ევაკუირების შესახებ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, რომელმაც დაზიანებული ადგილები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ანალოგიური სიტუაციაა სხვა სოფლებშიც და ამ წუთებში შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონებში მუშაობენ.
გიორგი ჩხაიძის თქმით დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები შეამოწმებენ.